უკრაინულ სუპერლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ. ქართველი კალათბურთელის “დნიპროაზოტმა” სტუმრად “კრივბასთან” 72:74 კი წააგო, თუმცა, ფაცაციამ ორმაგი დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (21) ჰქონდა.
ლევანი დნიპროძერჟინსკელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31:23 წუთში 13 ქულა, 13 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ფაცაციამ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში “დნიპროაზოტმა” მასპინძლებზე 8 ქულით მეტი ჩააგდო, რითაც ქართველი მხოლოდ ამერიკელ სემ მალდროუს (+10) ჩამორჩა.
ცნობისთვის, მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 71:67 იყო “კრივბასის” სასარგებლოდ, ქართველმა ფორვარდმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი – 2 საჯარიმო და სტუმრები 72:71 დააწინაურა. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ნეიტ ბოუმი სამქულიანით წინ ისევ “კრივბასი” გაიყვანა, ტაიმ-აუტის შემდეგ კი, დნიპროძერჟინსკელებმა გადამწყვეტი ტყორცნა ისევ ფაცაციას მიანდეს, თუმცა, ამჯერად, ლევანის შეტევა არაზუსტი გამოდგა...
ფაცაციას კლუბმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეა, ლიდერი კი გიორგი ცინცაძის “დონეცკი” გახლავთ, რომელმაც მიჯრით 7 მოგების კვალად პირველად წაიფორხილა.
დონეცკელები ამჯერაც ცინცაძის ყოფილ კლუბს – მოქმედ ჩემპიონ “ბუდიველნიკს” ესტუმრნენ და 55:82 განადგურდნენ. წარუმატებლად ითამაშა თავად ქართველმა უკანახაზელმაც, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ მხოლოდ 10:19 წუთს დატვირთეს.
გიორგიმ ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ერთადერთ ქულას 2 პასი მიაყოლა, პასივში კი 2 დაკარგვა და 1 პერსიონალური ფოლი ჰქონდა.
1 დეკემბერს ფაცაციას “დნიპროაზოტი” “კიევს” ესტუმრება, ცინცაძის “დონეცკი” კი მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს შინ “ფერო-ზნტუ”-სთან ჩაატარებს.