კალათბურთი

1:18 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას კლუბის პირველი გამარჯვება

“დნიპროაზოტმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ლევან ფაცაცია კალათბურთელი იცავს, უკრაინის სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. დნიპროძერჟინსკელები ივანო-ფრანკოვსკში მე-5 ადგილზე მყოფ “გოვერლას” ესტუმრნენ და მართალია, პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით დათმეს, საბოლოოდ 79:78 იმარჯვეს.

ფაცაცია სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტხანს – 38:34 წუთს ითამაშა, მოკლედ, ფაქტობრივად, არც დაუსვენია. საბოლოოდ, ლევანის მონაგარი 11 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ფაცაციას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15-ს უწია, ამ მხრივ კი საუკეთესო ამერიკელი დონალდ სიმსი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ასევე ამერიკელი კალათბურთელი გამოირჩა “გოვერლის” მხრიდანაც. შეიმუს ბოკსლიმ 25 ქულას 10 მოხსნა წაამატა.

როგორც აღვნიშნეთ, მიჯრით 6 მარცხის კვალად “დნიპროაზოტმა” პირველი მოგება მიითვალა და აღნიშნულის წყალობით, უკრაინულ სუპერლიგაში ბოლო ადგილს თავი დააღწია. ფაცაციას კლუბს მომდევნო მატჩი 15 დეკემბერს ელის, როდესაც ლვოვში “გალიჩინას” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133649