ევროპის ლიგის საპასუხო 1/16-ფინალური მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. უეფას ჩემპიონთა ლიგის დღეების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივარს არც ხუთშაბათს მოუწყენია.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოფიასა და ფრანკფურტში გამართული მატჩები, სადაც გულშემატკივრებმა ნამდვილი საფეხბურთო თრილერები იხილეს. „ლუდოგორეცს“ რომის „ლაციოსთან“ საგარეო მატჩი მინიმალური ანგარიშით ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბულგარეთში მშვიდად ყოფნის საშუალება მაინც არ ჰქონია. მით უმეტეს, რომ რომაელთა შემტევმა ბალდე კეიტამ პირველსავე წუთზე გახსნა ანგარიში და მასპინძლებს უპირატესობა დააკარგვინა. 54-ე წუთზე, მეკარის საჯარიმოში აღმოჩენილმა ბრაინ პერეამ სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც გაუჩინა.
დაახლოებით 10-წუთიან მონაკვეთში, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და 1/8-ფინალის იმედიც დაიბრუნეს. 82-ე წუთზე, საჯარიმოში დასწრებაზე მოთამაშე მიროსლავ კლოზემ რომაელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე, ბულგარელებმა წონასწორობის აღდგენა კიდევ ერთხელ შეძლეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ - 3:3.
ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ფრანკფურტშიც, სადაც ადგილობრივმა „აინტრახტმა“ „პორტუს“ უმასპინძლა. პირველი მატჩის მსგავსად, კლუბებმა გერმანიაშიც შედეგიანი ფრე ითამაშეს, მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით, მომდევნო ეტაპზე პორტუგალიელები გავიდნენ.
მართალია, „დნიპრომ“ ლონდონის „ტოტენჰემთან“ პირველ მატჩში სენსაციურად იმარჯვა, მაგრამ ლონდონში მარცხს ვერ გადაურჩა. არადა, უკრაინელებმა „უაიტ ჰარტ ლეინზეც“ კარგად დაიწყეს თამაში და 48-ე წუთზე გატანილი ბურთით იგებდნენ კიდეც. მატჩის დასკვნით ნაწილში, ლონდონელები გააქტიურდნენ - კრისტიან ერიკსენის გოლითა და ემანუელ ადებაიორის დუბლის წყალობით, ჯაბა კანკავას გუნდი 3:1 დაამარცეს.
უგოლო პირველი მატჩის შემდეგ, „ნაპოლიმ“ „სუონსის“ 3:1 სძლია. იტალიელები მე-17 წუთზე ლორენცო ინსინიემ დააწინაურა, მაგრამ უელსელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 78-ე წუთზე, ნეაპოლელთა მეგოლე გონსალო იგუაინი მეტოქის საჯარიმოში არსებულ სიტუაციაში კარგად გაერკვა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, უელსელებს კიდევ ერთი ბურთი გეკჰან ინლერმა დაუმატა და „ნაპოლის“ დამაჯერებელი ანგარიშით მოაგებინა.
მოგეხსენებათ, უკრაინის ცნობილი მოვლენების გამო, კიევის „დინამომ“ „ვალენსიასთან“ პირველი მატჩი ნიქოზიაში ჩაატარა და 0:2 წააგო. ხუთშაბათს, უკრაინელები „მესტალიაზე“ ჩავიდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, 1/8-ფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა იბრძოლეს და „ღამურებს“ გამარჯვების საშუალება არ მისცეს - 0:0.
1/16-ფინალები
ალკმაარი - ლიბერეცი 1:1 (პირველი მატჩი - 1:0)
გენკი - ანჟი 0:2 (0:0)
ლუდოგორეცი - ლაციო 3:3 (1:0)
ვალენსია - დინამო (კიევი) 0:0 (2:0)
აინტრახტი - პორტუ 3:3 (2:2)
ნაპოლი - სუონსი 3:1 (0:0)
ლიონი - ჩერნომორეცი 1:0 (0:0)
შახტარი - პლზენი 1:2 (1:1)
სევილია - მარიბორი 2:1 (2:2)
რუბინი - ბეტისი 0:2 (1:1)
ტოტენჰემი - დნიპრო 3:1 (0:1)
ბენფიკა - პაოკ-ი 3:0 (1:0)
ბაზელი - მაკაბი 3:0 (0:0)
ზალცბურგი - აიაქსი 3:1 (3:0)
ტრაბზონსფორი - იუვენტუსი 0:2 (0:2)
ფიორენტინა - ესბიერგი 1:1 (3:1)
1/8-ფინალები
ალკმაარი - ანჟი
ლუდოგორეცი - ვალენსია
პორტუ - ნაპოლი
ლიონი - პლზენი
სევილია - ბეტისი
ტოტენჰემი - ბენფიკა
ბაზელი - ზალცბურგი
იუვენტუსი - ფიორენტინა
ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩები 13 და 20 მარტს ჩატარდება.