ფეხბურთი

3:08 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა: პირლოს ოქროს ფეხი, კვარეჟმას სოლო, ანდალუსიური ნერვები

ზედიზედ მეორე მატჩია, "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს საჯარიმო დარტყმით იგებს. ასე მოხდა სერია ა-ში "ჯენოასთან" და ამჯერად, ევროპის ლიგაზე "ფიორენტინამ" იგემა სიმწარე. 71-ე წუთი იყო, "ბებერ ქალბატონს" გოლი ჰაერივით სჭირდებოდა და პირლომ ცოცხალ კედელს ბრწყინვალედ შემოატარა ბურთი. მისი გოლი მომგებიანი აღმოჩნდა. "იუვემ" შინ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, მაინც გაიკვლია გზა მეოთხედფინალისკენ. არ დაგვავიწყდეს, ევროპის ლიგის ფინალი ტურინში გაიმართება. დარჩენილ რვავე მონაწილეს თუ გადავხედავთ, თქმა არ უნდა – ანტონიო კონტეს გუნდი N1 ფავორიტია.        

მიუხედავად გავარდნისა, აბა, ვინ იტყვის აუგს "პლზენზე". დუშან უჰრინის გუნდს ლიონში 1:4 ჰქონდა წაგებული, შინ კი პირწმინდად აჯობა მეტოქეს და 70-ე წუთზე სტანისლავ ტეცლს პენალტი რომ აეცილებინა, ვინ იცის, ბოლო წუთებში რა მოხდებოდა. ტეცლს რომ გაეტანა, 3:1 ხდებოდა ანგარიში და ჩეხები სენსაციას მიუახლოვდებოდნენ.

"ვალენსიამ" ბულგარეთშივე მოაგვარა საქმე და "მესტალიაზე" დიდად აღარ გამოიდო თავი: "ლუდოგორეცს" ერთადერთი გოლი ახალგაზრდა პაკო ალკასერმა გაუტანა ლამაზი თავურით.

გია გრიგალავას "ანჟიმ" ვერაფერი მოუხერხა ჰოლანდიურ "ალკმაარს". 0:0 და სხვათა შორის,  ალკმაარელები ბოლო 8 წელიწადში მეოთხედ გავიდნენ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, რაც ამ კლუბისთვის ურიგო შედეგი არაა. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

"ბენფიკამ" ბეწვის ხიდზე გაიარა – "ტოტენჰემთან" სტუმრად 3:1 მოგების შემდეგ, საშინაო მატჩშიც დაწინაურდა არგენტინელი ეზიკიელ გარაის გოლით, თუმცა ინტრიგა "გააცოცხლა" ბელგიელმა ნასერ ჩადლიმ, რომელმაც წუთნახევრიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. 79-ე წუთზე 1:2 იყო და ლონდონელებს ერთი გოლიღა აკლდათ დამატებით დრომდე. ლენონსა და კეინს შეეძლოთ კიდეც გატანა, თუმცა ვერ მოახერხეს და ბოლოს ლისაბონელებმა გაათანაბრეს – ლიმამ პენალტი გამოიყენა. შარშანდელი ფინალისტი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

"ნაპოლიმ" "პორტუსთან" იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, ერთ მატჩს კი არა, მთელ ტურნირს ეყოფოდა, მაგრამ რად გინდა – მხოლოდ ორი გამოიყენა. განსაკუთრებით სცოდავდა გონსალო იგუაინი და "პორტუმაც" მეორე ტაიმში თავისი გააკეთა: ამ თამაშის მშვენება იყო პორტუელი რიკარდო კვარეჟმას გოლი, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ორი კაცი ბავშვივით მოატყუა, წინ შეიგდო ბურთი და ცხრიანში აუღებელი დაარტყა. საბოლოოდ 2:2 მორჩა და "პორტუ" მეოთხედფინალშია.

"ბაზელი" შარშანდელ გმირულ ამბებს წლეულსაც აგრძელებს. შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, გასვლაზე 2:1 აჯობა ავსტრიულ "ზალცბურგს". შედეგში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მატჩის მსვლელობა: მე-9 წუთზე "ბაზელი" კაცნაკლული დარჩა, ტაიმის შუაწელს გოლი გაუშვა და კიდევ ოთხჯერ სასწაულებრივად გადარჩა, მეორე ნახევარში კი 10 კაცით ორი უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს. შეხსენებისთვის, "ბაზელი" შარშან ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა.

და ბოლოს, ანდალუსიური დერბი. "სევილიამ" თანაქალაქელ "ბეტისთან" შინ წაგებული 0:2 გასვლაზე ხოსე ანტონიო რეიესისა და კარლოს ბაკას გოლებით ამოქაჩა, დამატებით დროში გადაიყვანა საქმე, სადაც გოლი არ გასულა და პენალტების სერია დაიწყო. პირველი პენალტი "სევილიამ" გააცუდა და თითქმის გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა მაინც გაუმართლა – უფრო სწორედ, ბეტისელებმა, ნდაიემ და ნონომ აჩუქეს გამარჯვება: ძალიან უხეიროდ დაარტყეს.  

ანჟი (რუსეთი)-ალკმაარი (ჰოლანდია) 0:0 – პირველი მატჩი 0:1

გაფრთხილება: გრიგალავა (43), სობოლევი (69), აგალაროვი (81), ალიევი (85) – ვუიტენსი (63).

გაძევება: მკრტჩიანი (90).

 

ბენფიკა (პორტუგალია) – ტოტენჰემი (ინგლისი) 2:2 – პირველი მატჩი 3:1

გოლები: 1:0 გარაი (34), 1:1, 1:2 ჩადლი (78, 79), 2:2 ლიმა (90 პენ).

გაფრთხილება: ლუიზაო (13), ენცო პერესი (89) – ნაუთონი (90).  

 

ფიორენტინა (იტალია) –იუვენტუსი (იტალია)  0:1 – პირველი მატჩი 1:1

გოლი: 0:1 პირლო (71).

გაფრთხილება: გონსალო როდრიგესი (31,73), კუადრადო (55), ნეტო (90) – ვიდალი (50), ტევესი (90).

გაძევება: გონსალო როდრიგესი (73).

 

პლზენი (ჩეხეთი) – ლიონი (საფრანგეთი) 2:1 – პირველი მატჩი 1:4

გოლები: 0:1 გომისი (45), 1:1 კოლარი (60), 2:1 ტეცლი (62 პენ).

გამოუყენებელი პენალტი: ტეცლი (70).

გაფრთხილება: ლიმბერსკი (9), ჩისოვსკი (81) – ლოპესი (40), ბრიანდი (90).

 

ვალენსია (ესპანეთი) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 1:0 – პირველი მატჩი 3:0

გოლი: 1:0 პაკო ალკასერი (59).

გაფრთხილება: რუისი (13) – მოტი (26), მარსელინიო (38), კაისარა (40).

 

ბეტისი (ესპანეთი) – სევილია (ესპანეთი) 0:2 (პენალტებით 3:4) – პირველი მატჩი 2:0

გოლები: 0:1 რეიესი (20), 0:2 ბაკა (75).

გაფრთხილება: ნონო (31) – მბია (19), ფიგუერასი (45), კოკე (89), ფაციო (90), სამპეირო (105).

 

ნაპოლი (იტალია) – პორტუ (პორტუგალია) 2:2 – პირველი მატჩი 0:1

გოლები: 1:0 პანდევი (21), 1:1 გილასი (70), 1:2 კვარეჟმა (76), 2:2 საპატა (90).

გაფრთხილება: ენრიკე (52), ბეჰრამი (76) – ფერნანდო (90) 

 

ზალცბურგი (ავსტრია) – ბაზელი (შვეიცარია) 1:2 – პირველი მატჩი 0:0

გოლები: 1:0 სორიანო (22), 1:1 შტრელერი (51), 1:2 საურო (60).

გაფრთხილება: ალანი (54, 86), როდნი (63), ლაიტგები (9) - შტრელერი (9), სიო (42), არლინი (53), დეგენი (88).

გაძევება: ალანი (86) – სუხი (9). 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115969