ფეხბურთი

10:57 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა ინგლისურ–პორტუგალიური ფინალით

უეფას ევროპის ლიგის საპასუხო 1/2–ფინალურმა შეხვედრებმა ფინალისტების ვინაობა გამოავლინეს – 15 მაისს, „ამსტერდამ არენაზე“, ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და ლისაბონის „ბენფიკა“ დაუპირისპირდებიან.

„ჩელსის“ საქმე გაცილებით იოლად ჰქონდა, რადგან „ბაზელთან“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო. მიუხედავად ამისა, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ მატჩში „არისტოკრატებმა“ თავიანთი ქომაგები გარკვეული პერიოდით მაინც ანერვიულეს.

ლონდონელებს დაწინაურების შანსი მატჩის დებიუტშივე მიეცათ, მაგრამ ფრენკ ლამპარდს არ გაუმართლა – ინგლისელმა ფერნანდო ტორესის პასის შემდეგ ერთი შეხებით დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, ვალენტინ შტოკერის ბრწყინვალე პასის წყალობით, მოჰამედ სალაჰი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.

მე–2 ტაიმში, „ჩელსი“ საგრძნობლად გააქტიურდა და მიზანსაც მალევე მიაღწია – 50–ე წუთზე, ფერნანდო ტორესმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა, ორიოდ წუთში კი, ვიქტორ მოზესმა გამოიჩინა თავი და ანგარიში 2:1 გახადა. 59–ე წუთზე, დავიდ ლუისმა თავის სტილში, ყუმბარისებული დარტყმით, შვეიცარიელებს ყველანაირი იმედი მოუსპო – 3:1.

ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ლისაბონშიც, სადაც ადგილობრივმა „ბენფიკამ“ სტამბულის „ფენერბახჩეს“ სძლია. პირველი მატჩი თურქებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და პორტუგალიაში არცთუ მშვიდ მდგომარეობაში ჩავიდნენ. ცხადი იყო, რომ „არწივები“ არაფერს დათმობდნენ და ფინალის საგზურისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

„ბენფიკას“ მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო და ეს შეასრულა კიდეც – ნიკოლას გაიტანმა როდრიგო ლიმას გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. სტამბულელები არ გამტყდარან და დირკ კიუტის გოლით წონასწორობაც აღადგინეს, თუმცა ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ოსკარ კარდოსომ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დალაშქრა სტამბულელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში, პარაგვაელმა დუბლიც გაიფორმა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა – 3:1.

 

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 40000

ჩელსი – ბაზელი 3:1 (0:1)

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ლუისი (აკე 82), კეჰილი, ასპილიკუეტა, ბერტრანდი, რამირესი (ოსკარი 66), ლამპარდი, აზარი (მატა 75), ტორესი, მოზესი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ბაზელი: სომერი, ვოსერი, შერი, საურო, შტაინჰიოფერი, დი, შტოკერი (დეგენი 62), ფრაი (დიასი 75), სალაჰი, ელ–ნენი, შტრელერი (ზუა 62).

მწვრთნელი: მურატ იაკინი

გოლები: 0:1 სალაჰი (45), 1:1 ტორესი (50), 2:1 მოზესი (52), 3:1 ლუისი (59)

გაფრთხილება: ასპილიკუეტა (56) – შერი (67), შტაინჰიოფერი (69), დი (88)

კარში დარტყმა: 17 (13) – 16 (6) ჯარიმა: 7 - 13 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 5 – 9

 

ლისაბონი. „და ლუჟი“. 55402

ბენფიკა – ფენერბახჩე 3:1 (2:1)

ბენფიკა: არტური, ლუიზაო, პერეირა, გარაი, ალმეიდა, გაიტანი (მირანდა 90), მატიჩი, პერესი, კარდოსო (ურეტავისკაია 88), ლიმა, სალვიო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

ფენერბახჩე: დემირელი, კორკმაზი, იობო (სტოხი 75), ციგლერი, გენიული (ირტეგიუნი 61), შაჰინი (თოფუზი 45), ბარონი, უჩანი, ერკინი, სოვი, კიუიტი.

მწვრთნელი: აიკუთ კოჯამანი

გოლები: 1:0 გაიტანი (9), 1:1 კიუიტი (23პ.), 2:1 კარდოსო (35), 3:1 კარდოსო (66)

გაფრთხილება: პერეირა (29), პერესი (33) – ბარონი (31), ერკინი (85)

კარში დარტყმა: 13 (7) – 9 (4) ჯარიმა: 10 - 22 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 69% - 31% სეივი: 3 – 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.385178