რაგბი

10:56 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში ირლანდია გაპირველდა

 

ირლანდიის ნაკრებმა “სტად დე ფრანსეზე” საფრანგეთს 2014 წლის ექვსი ერის დასკვნით და გამადმწყვეტ მატჩში 22:20 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს იყო ბრაიან ოდრისკოლის ბოლო თამაში ეროვნული გუნდის მაისურით და თანაგუნდელებმა მას კარგი გაცილება მოუწყეს. შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ირლანდიას, რომელსაც უკანასკნელ ხუთ წელიწადში პირველად მიეცა ექვსი ერის მოგების შანსი, მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, საფრანგეთი კი, მხოლოდ მეორეობისთვის იბრძოდა, რადგან ინგლისს გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით ძლიერ ჩამორჩებოდა.

საწყისი 15 წუთი მასპინძლების იყო, მაქსიმ მაშენომ ორი ჯარიმა გაიტანა და საფრანგეთი 6:0 დაწინაურდა. ხუთ წუთში პირველი ლელო გავიდა. 11 ფაზიანი შეტევა მარჯვენა ფლანგზე ლელოთი დასრულდა, მაგრამ იმავე სექსტონმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და სტუმრები კვლავ მდევრის როლში დარჩნენ. სამაგიეროდ, კიდევ ხუთ წუთში ოდრისკოლმა, მარეიმ და ტრიმბლიმ ფრანგთა დაცვა ცენტრში გაარღვიეს და ამ უკანასკნელმა მე-15-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. ამჯერად სექსტონის გარდასახვა ზუსტი იყო და ირლანდია 12:6 დაწინაურდა, მაგრამ 30-ე წუთზე ერთი საპასუხო ლელოს გატანა ფრანგებმაც შეძლეს. გრძელ ფრთაზე ფეხით ჩაკიდებული ბურთი ბრაის დულინმა მოიხელთა და დაუცველ ჩათვლის მოედანში შეიჭრა, ხოლო მეშანომ გარდასახვით ფრანგები 13:12 დააწინაურა.

შესვენებამდე ქულების აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა,მაგრამ რემი ტალესმა არეკნი, ხოლო სექსტონმა ჯარიმა ვერ გაიტანა. მატჩის განახლებიდან ექვს წუთში სტუმრებმა მესამე ლელო გაიტანეს. ოდრისკოლმა ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შეაჩერეს, რაქიდან ბურთი მაღალ სიჩქარეზე სექსტონმა მიიღო და ჩათვლის მოედანში შეგრიალდა. მანვე ზუსტ გარდასახვას 52-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 22:13 გახდა. მაპინძლებმა გაიბრძოლეს და 62-ე წუთზე მიძალება დიმიტრი სარჟევსკიმ ლელოთი დაასრულა, ხოლო მაშენომ გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. თამაშის მიწურულს ფრანგებმა მესამე ლელოც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მანამდე წინ პასი იყო და ირლანდია 22:20 მოგებით ექვსი ერის გამარჯვებული გახდა.

ამ თამაშამდე ტიტულის მოგების კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ინგლისმა იტალია სტუმრად 52:11 გაანადგურა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და შვიდი ლელო გაიტანეს. ტაიმი მათ 24:6 მოიგეს, მერე უპირატესობა გაზარდეს და რამდენიმე საათით პირველ ადგილზე აღზევდნენ, მაგრამ ირლანდიამ გადამწყვეტი თამაშის მოგებით მათ პირველობა არ დაანება.

შვიდი ლელო გაუტანა შოტლანდიას უელსმა, რომელმაც სტუმრები 51:3 გაანადგურა. შოტლანდია დებიუტში ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მალევე ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუშვა. 23-ე წუთზე სტუმართა ფულბეკი წითელი ბარათით დაისაჯა და კაცნაკლულმა სქოთებმა “დრაკონებს” წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

 

2014 წლის ექვსი ერი. მეხუთე ტური

15 მარტი

იტალია - ინგლისი 11:52

უელსი - შოტლანდია 51:3

საფრანგეთი - ირლანდია 20:22

 

1        ირლანდია                                                     5           4           0           1           132-49           8          
2 ინგლისი 5 4 0 1 138-65 8
3 უელსი 5 3 0 2 122-79 6
4 საფრანგეთი 5 3 0 2 101-100 6
5 შოტლანდია 5 1 0 4 47-138 2
6 იტალია 5 0 0 5 63-172 0

 

თეგებიექვსი ერი
0.16203