კალათბურთი

21:28 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტზე ვერც მიროტიჩს ვიხილავთ

საქართველოს ნაკრების მეტოქის მორიგი დანაკლისი

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ტურნირის წინ კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშის გარეშე დარჩა.

სლოვენიაში დაგეგმილ ევრობასკეტზე ასპარეზობაზე უარი განაცხადა მადრიდის “რეალის” მძიმე ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა (209 სმ.). აღნიშნულის შესახებ საკუთარ “ტვიტერზე” სერბმა ჟურნალისტმა ჯორჯე მატიჩმა დაწერა.

გასულ სეზონში 22 წლის მიროტიჩმა მადრიდელთა მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 43 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 23.0 წუთში 12.2 ქულას და 5.4 მოხსნას აგროვებდა, ევროლიგაში კი მისი მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 29 მატჩი და საშუალოდ 24.4 წუთში 11.4 ქულა, 5.3 მოხსნა.

ცნობისთვის, მიროტიჩი ჩერნოგორიის დედაქალაქ ტიტოგრადშია (ახლანდელი პოდგორიცა) დაბადებული და ცხადია, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში თამაშიც შეეძლო, თუმცა, ესპანეთის მოქალაქეობის მიღება არჩია.

2011 წელს მან ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ლამის პირადად მოაგებინა. ნიკოლა საშუალოდ 27 ქულას და 10 მოხსნას აგროვებდა და ტურნირის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულიც (MVP) დამსახურებულად მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მიროტიჩი ესპანეთის ნაკრების უკვე მე-4 კალათბურთელია, რომელმაც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი განაცხადა. აქამდე იგივე “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” და “ოკლაჰომა სიტი თანდერის” ფორვარდებმა პაუ გასოლმა და სერჟ იბაკამ და “ბარსელონას” უკანახაზელმა ხუან კარლოს ნავარომ გააკეთეს. ამას გარდა, გაურკვეველია პაუს უმცროსი ძმის მარკის საკითხიც, რომელიც “მემფის გრიზლისში” ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ცელიეში გამწესებულ C გუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ. ქართულ-ესპანური დაპირისპირება პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.113388