მიმდინარე წლის 19 სექტემბერს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 13 საფეხბურთო ასოციაციიდან იმ 13 ქალაქს შეარჩევს, რომლებიც ევრო-2020-ის მატჩებს უმასპინძლებენ.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ჟენევის საგამოფენო ცენტრ Espace Hippomene-ში გაიმართება.
იდეა “ევრო ევროპისათვის” ინიციატორი უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინია, ხოლო მისი რეალიზაცია ევროპის საფეხბურთო ასოციაციებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა. მისი რატიფიცირება 2012 წლის დეკემბერში ლოზანაში ჩატარებულ უეფას აღნასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოხდა.
ევრო-2020-ის მატჩები 13 პაკეტად დაიყო: 12 სტანდარტული პაკეტი, რომლებიც ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს და პლეი ოფის ერთ შეხვედრას ითვალისწინებს (1/8-ფინალი ან 1/4-ფინალი). გარდა ამისა, კიდევ ერთი პაკეტია, რომელშიც ორი 1/2-ფინალი და ფინალი შედის.
სტანდარტული პაკეტის მატჩებზე განაცხადი 19-მა ეროვნულმა ასოციაციამ შეიტანა:
აზერბაიჯანი (ბაქო), ინგლისი (ლონდონი), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), მაკედონია (სკოპიე), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (ბილბაო), იტალია (რომი), ჰოლანდია (ამსტერდამი), რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), უელსი (კარდიფი), შვედეთი (სტოკჰოლმი), შოტლანდია (გლაზგო).
1/2-ფინალური და ფინალური მატჩების პაკეტზე განაცხადები შემდეგმა ასოციაციებმა შეიტანეს:
ინგლისი (ლონდონი), გერმანია (მიუნხენი).