სხვა

15:28 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2018-ზე საქართველო ლუქსემბურგს და ესტონეთს გაეჯიბრება, “სამტრედიას” კი ფინეთის გუნდი ერგო

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში დასრულდა ევროპის 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ტურინირის წილისყრის პროცედურა. პირველ სტადიაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესტონეთისა და ლუქსემბურგის გუნდები. შეჯიბრება 2014-15 წლებში გაიმართება.

ევრო 2018. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.

A ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

B ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

C ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

ევრო 2018-ის მასპინძელი ქვეყანა ჯერ ცნობილი არაა. შეჯიბრებაში მონაწილეობს 38 ქვეყანა. პირველ ეტაპზე ჩაებმება უარესი რეიტინგის მქონე 9 ნაკრები. თამაშები გაიმართება ორ წრედ. სათამაშო პერიოდებია: 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 2015 წლის აპრილ-მაისი და 2015 წლის ივნისი.

სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება და შინ/სტუმრად პრინციპით ეთამაშება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი მაჩვენებლების მქონე სამ ქვეყანას. პლეიოფი გაიმართება 2016 წლის აპრილში.

პლეიოფის სამი გამარჯვებული მოხვდება მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2016-17 წლებშია დაგეგმილი და ევროპის 28 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს ოფიციალურ მატჩში არასოდეს შეხვედრია, ხოლო ლუქსემბურგი 2008 წლის 20 იანვარს, ნორვეგიაში, ჩელენჯ კაპის ფინალში 28:27 დაამარცხა. საქართველოც, ესტონეთიც და ლუქსემბურგიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ სტადიაზე თამაშობდნენ.

ქართველებმა თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს ლიტვის შემდეგ (3 მოგება, 3 წაგება), ესტონეთმა ბოსნიასთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ხოლო ლუქსემბურგი 2-2-ჯერ დამარცხდა უკრაინასთან, სლოვენიასთან და შვეიცარიასთან.

ვენაში გაიმართა 2014-15 წლების 5 ევროტურნირის წილისყრაც. ჩელენჯ კაპის პირველ წრეში, მეთექვსმეტედფინალში “სამტრედიის” მეტოქე იქნება ფინური კლუბი “კასიპალოსეურა რიიჰიმიაენ კოქსი”. ორი თამაში გაიმართება ნოემბერში.

ქალაქ რიიჰიმიაკის კლუბი “კოქსი” (მამლები) საკმაოდ ძლიერი გუნდია. 2013-14 წლების ჩელენჯ კაპზე ფინელებმა ორი წრე გაიარეს – დაამარცხეს “პალამანო პრესანო” (იტალია – 30:24, 27:21), “სპარტაკი” (ბულგარეთი – 31:20, 37:19), ხოლო მეოთხედფინალში წააგეს მომავალ ფინალისტ “მეტალოპლასტიკასთან” (სერბეთი – 23:17, 19:26).

www.geohandball.ge

0.119045