ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მესამე, დასკვნითი დღე ლოგიკური შედეგებით დასრულდა. “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “კორდობას” უმასპინძლა და სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა, რითაც ქულებით “ბარსელონასა” და “სევილიას” დაეწია, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობით ორივეს გადაასწრო და პირველ პოზიციაზე წამოსკუპდა.
“ღამურებმა” მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ანგარიში 22-ე წუთზე ფეგულის ჩაწოდების შემდეგ პაკო ალკასერმა დიდებული თავურით გახსნა, რასაც 5 წუთში ხოსე ლუის გაიას გოლი მოჰყვა. მიუხედავად რამდენიმე ხელსაყრელი მომენტისა, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარიც იგივე სცენარით წარიმართა, “ლოს ჩე” ბევრს უტევდა და მშვენივრად კომბინირებდა, ხოლო მეტოქე რასაც შეეძლო მაქსიმალურად აკეთებდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მატჩის საბოლოო წერტილი სოფიან ფეგულიმ დასვა 73-ე წუთზე, რომელსაც კარლეს ხილმა გაუკეთა მშვენიერი გადაცემა.
გოლების ავტორების გარდა, უნდა აღინიშნოს პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის დიდებული თამაში, რომელიც “ვალენსიას” ფაქტიურად ყველა შეტევის წამოწყები იყო. ასევე, მასპინძელთა რიგებში პირველად ითამაშეს ჟოაო კანსელომ და შკოდრან მუსტაფიმ. ამრიგად, “ვალენსიამ” ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა და ყველა ამ შემთხვევაში 3-3 ბურთის გატანა მოახერხა.
დღის მეორე შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართა, სადაც “ესპანიოლმა” “ხეტაფე” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიილია, ნელი ტემპი იყო და მომენტების შექმნა ჭირდა.
მეორე ნახევარში კი, მასპინძლებმა გამოიღვიძეს და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. ანგარიში 65-ე წუთზე სალვა სევილია გადაცემით, სერხიო გარსიამ გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა კრისტიან სტუანიმ გაუტანა ვისენტე გუაიტას – 2:0. “ესპანიოლმა” 5 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო “ხეტაფემ” ზედიზედ მე-3 შეხვედრა დათმო და ამდენივე ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.
ესპანიოლი – ხეტაფე 2:0 (0:0)
ბარსელონა, “ესტადიო კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ვ.ალვარესი (ფუენტესი 62), ალვარო, კოლოტო, ლოპესი, ვ.სანჩესი, კანიასი, სევილია, ლუკასი, სერხიო გარსია (ალექსი 91), კაისედო (სტუანი 55).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ნალდო, ალექსისი, აროიო, ლაგო (ესკუდერო 76), როდრიგესი, მიჩელი, კასტრო (სამირი 65), სარაბია, იოდა, ლაფიტა (ბაბა 73).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
გოლები: 1:0 სერხიო გარსია (65), 2:0 სტუანი (83).
გაფრთხილებები: ვ.ალვარესი – აროიო, მიჩელი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 8(3)-6(2), ჯარიმა: 18-17, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1
ვალენსია – კორდობა 3:0 (2:0)
ვალენსია, “ესტადიო მესტალია”
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, კანსელო, გაია (ორბანი 53), ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი (ხილი 49), ფეგული (რობერტო იბანიესი 76), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, ბუზონი, ლოპესი, გუნინო, გარაი (მატეოსი 51), აბელი, ფედე ვიკო (ჰავენაარი 59), ბ.გარსია (ფიდელი 70), როსი, გილასი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
გოლები: 1:0 ალკასერი (22), 2:0 გაია (27), 3:0 ფეგული (73).
გაფრთხილებები: ფუეგო – ბუზონი, კრესპო, ფიდელი
მსაჯი: ვისანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 17(7)-2(1), ჯარიმა: 11-23, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-4
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 9. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”), ბეილი (”რეალი”), ალკასერი (“ვალენსია”) – 4.
ირაკლი ალიმბარაშვილი