მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდა. მოგეხსენებათ, ქართველებმა ფრანგებთან ქულა აიღეს, „ჯვაროსანთა“ უშუალო კონკურენტი ფინეთის ნაკრები კი, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა.
ფინეთში ჩასულმა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა აიღო და „მამლების“ წაბორძიკების წყალობით, ჯგუფში პირველ ადგილზე მყარად დამკვიდრდა. „ფურია როხამ“ მასპინძლების კარი თითო ტაიმში თითოჯერ აიღო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მე–19 წუთზე, სესკ ფაბრეგასის გენიალური პასის შედეგად, ესპანელთა მარცხენაფლანგელი ჟორდი ალბა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, ესპანეთმა მატჩის სადავეები მთლიანად ხელთ იგდო, მაგრამ უპირატესობის გაზრდა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა.
მატჩის მიწურულს, გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს – ხესუს ნავასმა ალვარო ნეგრედო ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, რის შემდეგაც, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია – 0:2.
სადღეისოდ, ფინეთი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ქულით უსწრებს და მე–3 ადგილოსნის ბედი 10 სექტემბერს დიდწილად გადაწყდება. მოგეხსენებათ, სამშაბათს, თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი გუნდი ფინელებს უმასპინძლებს.
ჰელსინკი. „ოლიმპიასტადიონი“. 35000
ფინეთი – ესპანეთი 0:2 (0:1)
ფინეთი: მაენპიაია, პასანენი, ჰალსტი, მოისანდერი, ტოივიო, არკივუო, ტაინიო (რისკი 69), ერემენკო, შულერი, რინგი (ხიამლიაინენი 69), პუკი (ზენელი 81).
მწვრთნელი: მიკსუ პაატელაინენი
ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, ჟორდი ალბა, ფაბრეგასი (ნეგრედო 71), ინიესტა, ჩავი, სუარესი, კოკე, ვილია (ნავასი 55), პედრო (კასორლა 81).
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გოლი: 0:1 ჟორდი ალბა (19), 0:2 ნეგრედო (86)
გაფრთხილება: სუარესი (90)
კარში დარტყმა: 7 (3) – 10 (4) ჯარიმა: 4 - 4 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 38% - 62% სეივი: 2 – 3
1. | ესპანეთი | 6 | 4 | 2 | 0 | 10:2 | 14 | |
2. | საფრანგეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 8:4 | 11 | |
3. | ფინეთი | 6 | 1 | 3 | 2 | 4:6 | 6 | |
4. | საქართველო | 6 | 1 | 2 | 3 | 3:7 | 5 | |
5. | ბელარუსი | 6 | 1 | 1 | 4 | 4:10 | 4 |