ფეხბურთი

3:13 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელები 1/8-ფინალის გზაზე

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. შემდეგი ეტაპის საგზური მიუნხენის „ბაიერნმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ მოიპოვეს. დღეს, იგივე შედეგის გამეორებას „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ შეეცდებიან. მეტოქის გათვალისწინებით, ამის მეტი შანსი დიეგო სიმეონეს გუნდს აქვს.

 

E ჯგუფი

ჩელსი-შალკე (პირველი მატჩი 3:0)

თუ ჯგუფის ფავორიტებს შორის გასამართ შეხვედრაში კვლავ “ჩელსიმ” მოიგო, ლონდონურ გუნდს 1/8-ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა ექნება დარჩენილი. გელზენკირხენული გუნდი ქულითაც კმაყოფილი უნდა დარჩეს, თუმცა წაგების შემთხვევაშიც, გერმანელები ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატები იქნებიან.

გელზენკირხენში მოგების შემდეგ, “ჩელსიმ” ჯერ პრემიერლიგაში “სიტი” დაამარცხა, ხოლო შემდეგ ლიგის თასზე “არსენალს” სძლია. თუმცა, ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში, ლონდონელები “ნიუკასლთან” დამარცხდნენ და ლიდერთან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდეს.

“შალკემ”, ბოლო ორ კვირაში, ჯერ რურის დერბი დათმო “დორტმუნდთან”, შემდეგ კი, გელზენკირხენელებმა “ჰერტა” დაამარცხეს და ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს.

მასპინძლებს, ტრავმების გამო, მარკო ვან გინკელი და ტორესი დააკლდებიან. “შალკეს” წინააღმდეგ, შესაძლოა, ვერც ედენ აზარმა ითამაშოს. სტუმრები ტრავმირებულ კლას-იან ჰუნტელაარს, ჩინედუ ობასისა და ჯეფერსონ ფარფანს მოისაკლისებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია კირიაკოს პაპადოპულოსის საკითხი.

  • “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანულ გუნდებთან ჩატარებული 6 საშინაო თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “შალკემ”, ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და ორივე მათგანი “არსენალთან”;
  • 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ “ჩელსის” კარი მშრალად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში შეენახა. ამჟამად, ლონდონელებს გოლი ბოლო ორ თამაშში არ გაუშვიათ;
  • “შალკემ”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა. ეს 2 კვირის წინათ, “ჩელსისთან” დაპირისპირებაში მოხდა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსის” ფეხბურთელებმა ბურთი ძელს 4-ჯერ მოარტყეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული, რამირესი, მიკელი, შიურლე, მატა, აზარი, ეტოო.

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, სანტანა, ჰიოვედესი, ფუხსი, აოგო, ნოიშტადტერი, ბოატენგი, მაიერი, დრაქსლერი, სჟალაი.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

 

ბაზელი-სტიაუა (პირველი მატჩი 1:1)

ეს გუნდები თავიდანვე ჯგუფის აუტსაიდერებად იყვნენ მიჩნეულნი და პირველ სამ ტურს ბევრი არაფერი შეუცვლია. თუ დღეს “ბაზელმა” 3 ქულა აიღო, შვეიცარიელები მე-3 ადგილს გაინაღდებენ და 1/8-ფინალისთვის ბრძოლასაც განაგრძობენ.

2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბაზელმა”, შვეიცარიის ჩემპიონატში, 2 მატჩში 2 ქულა აიღო. მიუხედავად ამისა, მურათ იაკინის გუნდი ლიდერობას ინარჩუნებს.

გასული 2 კვირის განმავლობაში, “სტიაუამ”, რუმინეთის ჩემპიონატის 2 მატჩში თავი 4 ქულას მოუყარა და მე-2 ადგილზე მყოფ მდევართან 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ტრავმების გამო, მასპინძლებს საფარი, ხოლო სტუმრებს პინტილი არ ეყოლებათ.

  • “ბაზელს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის თამაში არასდროს მოუგია;
  • ფედერიკო პიოვაჩარიმ “სტიაუას” ბოლო 12 თამაშიდან გოლი 8-ში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-1-1): სომერი, ვოსერი, ივანოვი, შარი, ქსაკა, სალაჰი, დელგადო, ფრაი, ანდრისტი, ელნენი, შტრელერი.

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, ფილიპი, სზუკალა, პარვულესკუ, გარდოში, ბურჩეანუ, პოპა, სტანჩუ, ტანასე, პიოვაჩარი.

მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).

1.     ჩელსი 3     2     0     1     8:2    6    

2.     შალკე 3     2     0     1     4:3    6    

3.     ბაზელი     3     1     1     1     3:3    4    

4.     სტიაუა     3     0     1     2     1:8    1    

 

 

F ჯგუფი

დორტმუნდი-არსენალი (პირველი მატჩი 2:1)

წინა ტურში ამ გუნდებს შორის დაფიქსირებულმა შედეგმა ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბა. ჯგუფში, რომლის 3 წევრსაც 6 ქულა აქვს, ყოველი მოპოვებული ქულა დიდი მნიშვნელობის მქონეა, ხოლო ამ სამიდან 2 გუნდის ერთმანეთში დაპირისპირება განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

გუნდებს შორის გასულ ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ, “დორტმუნდს” ძალიან კარგი ორკვირიანი მონაკვეთი ჰქონდა. კლოპის გუნდმა ჯერ რურის დერბი მოიგო გელზენკირხენში, შემდეგ კი, “შტუტგარტს” 6:1 სძლია. თუმცა, დორტმუნდელები ბუნდესლიგაში მაინც მე-2 ადგილზე არიან.

შიდა ჩემპიონატში ორივე თამაში მოიგო “არსენალმაც”, რომელიც პრემიერლიგას ლიდერობს, თუმცა ქვეყნის თასზე, “მეთოფეები” “ჩელსისთან” დამარცხდნენ.

გიუნდოგანისა და პიშჩეკის გარეშე მოთამაშე “დორტმუნდს” “არსენალი” ტრავმირებულ ფეხბურთელთა ტრადიციულად გრძელი სიით ეწვია. ლონდონელებს სანოგო, დიაბი, ფლამინი, პოდოლსკი, ჩემბერლენი, უოლკოტი და უილშირი არ ეყოლებათ. საეჭვოა გიბსის თამაშიც.

  • “არსენალს”, გერმანიაში ჩატარებულ ბოლო 4 საჩემპიონთალიგო მატჩში წაგება არ აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გერმანიაში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში “არსენალი” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა;
  • “დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საშინაო თამაში მოიგო;
  • ოლივიე ჟირუმ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა;
  • რობერტ ლევანდოვსკის, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 12 თამაშში 11 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა;;

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, შაჰინი, კუბა, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.

არსენალი (4-2-3-1): სშეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი, მონრეალი, არტეტა, რემზი, როსიცკი, იოზილი, კასორლა, ჟირუ.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

 

ნაპოლი-მარსელი (პირველი მატჩი 2:1)

მე-3 ტურმა ცხადყო, რომ “მარსელს” მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში დაბრუნებაც კი ძალიან გაუჭირდება. ფრანგები ჯგუფის სამივე წევრს 6 ქულით ჩამორჩებიან და თუ მათ დღეს არ მოიგეს, 1/8-ფინალისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშებიან. თუ “მარსელი” კვლავ უქულოდ დარჩა და ჯგუფის მე-2 თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოვლინა, ელი ბოპის შეგირდები ბოლო ადგილს გაიფორმებენ.

მარსელში მოგების შემდეგ, “ნაპოლიმ” სერია A-ს 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა, რამაც ვალტერ მაცარის გუნდს ლიდერთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.

“მარსელს” საქმეები შიდა ასპარეზზეც ცუდად მისდის. ლიგა ერთის გასულ ტურში ელი ბოპის გუნდმა წაგებათა სამმატჩიანი სერია კი შეწყვიტა, მაგრამ მოპოვებული ერთი ქულა მე-5 პოზიციაზე უკეთესი ადგილის დაკავებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

“ნაპოლის” ტრავმირებული ზუნიგას, მესტოსა და ბრიტოსის გარეშე თამაში მოუწევს. “მარსელის” მხრიდან საეჭვოა მენდესის მოედანზე ხილვა.

  • “ნაპოლიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან) ჩატარებული 5 საშინაო თამაშიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “ნაპოლიმ”, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 საშინაო თამაშში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა;
  • ხოსე კალიეხონმა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 12 თამაშში 8 გოლი გაიტანა. აქედან 9 თამაში და 7 გოლი მის მადრიდულ კარიერაზე მოდის;
  • “მარსელი” ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მე-100 თამაშს ჩაატარებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, კანავარო, არმერო, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, მორელი, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, იმბულა, პაიე, ვალბუენა, ტოვინი, ჟინიაკი.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

1.     დორტმუნდი 3     2     0     1     6:3    6    

2.     არსენალი   3     2     0     1     5:3    6    

3.     ნაპოლი     3     2     0     1     4:4    6    

4.     მარსელი    3     0     0     3     2:7    0    

 

 

G ჯგუფი

ატლეტიკო-აუსტრია (პირველი მატჩი 3:0)

დღეს მოთამაშე გუნდებიდან 1/8-ფინალის საგზურის ვადაზე ადრე მოპოვების ყველაზე კარგი შანსი “ატლეტიკოს” აქვს. აქამდე უდანაკარგო მადრიდელები შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გავლენ, თუ აუტსაიდერ “აუსტრიას” საკუთარ კედლებში დაამარცხებენ, ან ქულას აიღებენ და “ზენიტი” “პორტუს” მოუგებს. თუ სიმეონეს გუნდმა მოიგო, ხოლო ჯგუფის მე-2 თამაში ფრედ დასრულდა, მადრიდელები პირველ ადგილს გაინაღდებენ.

“ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშს განაგრძობს. ბოლო 2 კვირაში, მადრიდელებმა სამივე თამაში მოიგეს და ლიდერ “ბარსელონას” ისინი კვლავ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

“აუსტრიამ”, ბოლო ორ კვირაში, ავსტრიის ბუნდესლიგის 2 თამაში ჩაატარა და 3 ქულა აიღო. ნენად ბიელიცას გუნდი, რომელსაც 14 ტურში 19 ქულა აქვს, ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება.

“ატლეტიკოს” ტრავმირებული ლეო ბაპტისტაო და ხავიერ მანკილიო არ ეყოლება. საეჭვოა არდა თურანის თამაშიც. სტუმრები, ტრავმირებული გრუნვალდისა და გორგონის გარდა, დისკვალიფიცირებულ მთავარ მწვრთნელს, ნენად ბიელიცასაც მოისაკლისებენ.

  • “ატლეტიკომ”, დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის დროს, ევროტურნირებზე ჩატარებული 9 საშინაო თამაშიდან 8 მოიგო;
  • “ატლეტიკომ”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან 12 მოიგო;
  • დიეგო კოსტამ, ბოლო 10 თამაშში 12 გოლი გაიტანა;
  • მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც “ატლეტიკომ” გოლი პირველ 30 წუთში გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გარსია, ტიაგო, გაბი, კოკე, ვილია, კოსტა.

აუსტრია (4-3-3): ლინდნერი, კოხი, რამზებნერი, ორტლეხნერი, სუტნერი, სტანკოვიჩი, ჰოლანდი, მადერი, როიერი, ჰოზინერი, იუნი.

მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).

 

ზენიტი-პორტუ (პირველი მატჩი 1:0)

ჯგუფის მთავარ მატჩს სანკტ პეტერბურგი უმასპინძლებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ “ატლეტიკომ” პირველობა დათმოს, ან “აუსტრია” მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. აქედან გამომდინარე, “ზენიტი” და “პორტუ” მე-2 ადგილისთვის იბრძოლებენ.

2 კვირის წინათ პორტუგალიაში მოგების შემდეგ, რუსულმა გუნდმა არცთუ კარგი შედეგები აჩვენა. “ზენიტმა” რუსეთის პრემიერლიგის ერთი თამაში კი მოიგო, მაგრამ შემდეგ თასის 1/16-ფინალიდან გამოვარდა, რასაც კვლავ პრემიერლიგაში, საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვა მოაყოლა. მიუხედავად ამისა, “ზენიტი” რუსეთის ჩემპიონატს ლიდერობს.

“პორტუმ”, ბოლო ორ კვირაში, პორტუგალიის ჩემპიონატში 2 თამაში ჩაატარა და 4 ქულა მოაგროვა, რაც ლიდერობის შესანარჩუნებლად საკმარისი გამოდგა.

შეხვედრას 2 დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდება. “ზენიტს” ვიტსელი არ ეყოლება, ხოლო “პორტუს” – ჰექტორ ერერა.

  • “ზენიტმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “პორტუმ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 გასვლით მატჩში კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა;
  • “პორტუმ”, რუსეთში გამართული 5 თამაშიდან 4 მოიგო. პორტუგალიელებმა გოლი ხუთივე თამაშში გაიტანეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 3 თამაში, რომელიც “ზენიტმა” მოიგო, 1:0 დასრულდა;
  • “ზენიტმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა;
  • მიმდინარე გათაშებაში, “ზენიტმა” მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ერთი გოლი ჰალკმა გაიტანა, ხოლო მე-2 შემთხვევაში ბრაზილიელი ასისტენად მოგვევლინა;

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, ლომბაერტსი, ნეტო, ანსალდი, შატოვი, ფაიზულინი, არშავინი, შიროკოვი, დანი, ჰალკი.

პორტუ (4-2-3-1): ჰელტონი, დანილო, მანგალა, ოტამენდი, სანდრო, ფერნანდო, დეფური, ჟოსუე, გონსალესი, ლიკა, მარტინესი.

მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).

1.     ატლეტიკო  3     3     0     0     8:2    9    

2.     ზენიტი     3     1     1     1     2:3    4    

3.     პორტუ      3     1     0     2     2:3    3    

4.     აუსტრია    3     0     1     2     0:4    1    

 

 

H ჯგუფი

ბარსელონა-მილანი (პირველი მატჩი 1:1)

ევროპული ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება გადამწყვეტი არა, მაგრამ ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. “მილანის” დამარცხების შემთხვევაში, “ბარსელონა” ჯგუფიდან გასვლას ინაღდებს და ბუნებრივია, ხერარდო მარტინოს შეგირდები ამ ამოცანის დროულად შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ. რაც შეეხება “მილანს” – ამ გუნდს ცუდი დრო უდგას და დღეს წარმატება მასიმილიანო ალეგრის შეგირდების განწყობას ერთი-ორად აამაღლებს. გარდა ამისა, თუ დღეს “მილანმა” წაგო, ხოლო “სელტიკმა მოიგო, შოტლანდიელები იტალიელებს გადაასწრებენ.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 18 თამაშს ითვლის. კატალონიელებმა 7-ჯერ მოიგეს, მილანელებმა – 5-ჯერ, ხოლო ექვსმა თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ბარსელონაში გამართულ 7 თამაშში ესპანელებს 4, ხოლო იტალიელებს 1 მოგება აქვთ. ორი მატჩი ფრედ დასრულდა.

გუნდებს შორის 2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბარსამ” ლა ლიგაში სამივე თამაში მოიგო – მათ შორის ერთი “რეალთან” – და ლიდერობა შეინარჩუნა.

საპირისპირო სიტუაციაშია “მილანი”, რომელმაც “ბარსასთან” ფრეს სერია A-ს სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღება მოაყოლა.

მართალია, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, “მილანი” “ბარსელონასთან” ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კატალონიელები, ქულების ძალზე იშვიათად კარგვის მიუხედავად, ძველებურად ვეღარ ბრწყინავენ და არის შემთხვევები – მაგალითაც კატალონიური დერბი - როდესაც ისინი უსახურად თამაშობენ. გასული სეზონის მაგალითის გათვალისწინებით ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემებმოძალებულ “მილანს” მასზე ძლიერ “ბარსელონასთვის” წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად შეუძლია.

ჩვეულად ვერ ბრწყინავს ვერც ლიონელ მესი, რომელმაც “მილანის” კარის აღების შემდეგ ზედიზედ 3 მშრალი შეხვედრა ჩაატარა, რაც 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

“ბარსა” მეტოქეს დოს სანტოსის, აფელაისა და ალბას გარეშე დაუხვდება. დიდი ალბათობით, კვლავ ვერ ითამაშებს ადრიანო, რაც კატალონიელებს მარცხენა მცველის გარეშე ტოვებს. პრობლემები აქვს “მილანსაც”. ალეგრის გუნდს სილვესტრე, ელ შაარავი, ბონერა, პაცინი და დე შილიო ვერ დაეხმარებიან.

  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 2 თამაში “ბარსელონამ” მოიგო. კატალონიელებმა 7 გოლი გაიტანეს;
  • “მილანმა,” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 16 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო;
  • ესპანეთში ჩატარებულ ბოლო 11 თამაშში “მილანს” მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “მილანმა” გასვლითი მატჩი უკანასკნელად სერია A-ს გასული გათამაშების ბოლო ტურში მოიგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მიერ გატანილი 6 გოლიდან 4 ლიონელ მესის ანგარიშზეა;
  • სესკ ფაბრეგასს საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 14 თამაშში არ გაუკეთებია;

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, მონტოია, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი.

მილანი (4-3-3): ამელია, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, ბირსა, ბალოტელი, კაკა.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

 

აიაქსი-სელტიკი (პირველი მატჩი 1:2)

დღეს წაგების შემთხვევაში, “აიაქსი” 1/8-ფინალისთვის ბრძოლას ხომ ოფიციალურად ემშვიდობება და ამსტერდამელები მე-3 ადგილის დაკავების შანსებსაც თითქმის კარგავენ. თუ ჰოლანდიურ გუნდს ევროპის ლიგაზე თამაში სურს, “სელტიკი” აუცილებლად უნდა დაამარცხოს. რაც შეეხებათ შოტლანდიელებს, მათ უარი არც ქულაზე უნდა თქვან.

გლაზგოში წაგების შემდეგ, “აიაქსმა” დამაკმაყოფილებელი შედეგები ვერც ერედივიზონში აჩვენა. ბოლო ორ მატჩში, ამსტერდამელებმა გოლიც კი ვერ გაიტანეს და მხოლოდ 1 ქულა აიღეს. შედეგად, ისინი მე-6 ადგილამდე დაქვეითდნენ.

შოტლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქულები დაკარგა “სელტიკმაც”, მაგრამ გლზაგოელები გათამაშებას დამაჯერებლად მაინც ლიდერობენ.

მასპინძლებს ტრავმირებული მოიზანდერი, დუარტე და ბოიანი ვერ დაეხმარებიან. სტუმრები, ტრავმირებული მოუიოკოლოსა და მეთიუზის გარდა დისკვალიფიცირებულ ბიტონსაც მოისაკლისებენ.

  • “სელტიკს”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 25 გასვლით მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც “სელტიკმა” ჩემპიონთა თასის/ლიგის გასვლით მატჩში კარი მშრალად შეინახა 1988 წელს დაფიქსირდა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “სელტიკმა” საჯარიმოს შიგნიდან მეტოქის კარში მხოლოდ 6-ჯერ დაარტყა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): სილესენი, რეინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი, სერერო, პოულსენი, დე იონგი, ანდერსენი, სიგთორსონი, ფიშერი.

სელტიკი (4-2-3-1): ფორსტერი, ლუსტიგი, დეიკი, ემბროუზი, იზაგირე, მალგრიუ, კაიალი, ფორესტი, პუკი, სამარასი, სტოკსი.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

1.     ბარსელონა  3     2     1     0     6:1    7    

2.     მილანი     3     1     2     0     4:2    5    

3.     სელტიკი    3     1     0     2     2:4    3    

4.     აიაქსი 3     0     1     2     2:7    1     

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113963