ფეხბურთი

20:19 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესეც 10 – თბილისის “დინამო” საქართველოს თასის მფლობელია

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მეათედ მოიპივა პრესტიჟული პრიზი.

ფავორიტად, ცხადია, თავიდანვე თასის 9-ჯერ მომგები “დინამო” ითვლებოდა, დებიუტანტ “ჩიხურას” კი თავისი არგუმენტი გააჩნდა, თამაშის წინ მათმა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ თქვა: ჩვენი ამოცანა უკვე შევასრულეთ, ევროტურნირის საგზური მოვიპოვეთ. თასის აღებას არავინ გვთხოვს, გამოვალთ და თავისუფლად ვითამაშებთო.

დინამოელებს დაშავებული მიკელ ალვარო და გიორგი შაშიაშვილი აკლდათ, ხოლო საჩხერელებს “დინამოდან” განათხოვრებული ოდიკაძე და რეხვიაშვილი, რომლებსაც მოლაპარაკების მიხედვით, თამაშის უფლება არ ჰქონდათ. თბილისელებმა კოლეგიალობა მაინც გამოიჩინეს, მოწინააღმდეგეებს სფფ-ში უშუამდგომლეს და დისკვალიფიცირებულ საჯაიასა და ბოლქვაძეს თამაშის უფლება მიეცათ. დაგვეთანხმებით, ეს ორი ფეხბურთელი “ჩიხურასთვის” სერიოზული ძალაა. 

სიცხის გამო თამაშის ტემპი მაღალი არ ყოფილა. პირველი სახიფათო მომენტი მე-6 წუთზე შეიქმნა, როცა ირაკლი ძარიამ დაარტყა სახიფათოდ და ბურთი კარს ზემოდან ოდნავ გადასცდა. ორიოდ წუთში უკვე საჩხერელი ნიკო კვასხვაძე შეიჭრა თბილისელთა საჯარომოში, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა. \

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მე-14 წუთზე მოხდა, როცა შოთა კაშიამ საკუთარ საჯარიმოში გიორგი მერებაშვილი წააქცია, თუმცა ჩისკოს დარტყმული პენალტი გიორგი სომხიშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმი დინამოელთათვის იღბლიანად დაიწყო, 5 წუთის ინტერვალში მათ 2 გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ჯერ გრაიციარმა მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში  და მერებაშვილმა ულამაზესი ბურთი გაიტანა ცხრიანში. მალევე ნომინალურმა მასპინძლებმა ამას მეორეც მიაყოლეს, ამჯერად თავი ლევან ხმალაძემ გამოიჩინა. მოგვიანებით ძარიამ გაასამა.

საჩხრელები ცდილობდნენ, მაგრამ ხეირიანად არაფერი გამოსდიოდათ. ეგ არის, ბოლოსკენ შოთა კაშიას უძლიერესი დარტყმა მოხვდა თბილისელთა კარის ძელს, მანამდე კი მსაჯმა ესპანელი უსტარიცი უხეშობისთვის გააძევა და კარის სიახლოვეს სახიფათო საჯარიმო დანიშნა, ნიკო კვასხვაძის ძლიერი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია.

ზემოიმერლებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს, თავი ვეტერანმა ედიკ საჯაიამ გამოიჩინა.

“დინამომ” კი ორი კვირის წინათ მოპოვებულ ჩემპიონობას თასიც დაამატა და წლევანდელ სეზონში დუბლი შეასრულა.

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:1 (0:0)

22 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.”

დინამო: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, გრაიციარი, გლიშიჩი, მერებაშვილი (მილხრაუმი 89), ძარია, ჩისკო (პაპავა 90), დვალი (კოტო 90)

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, კვასხვაძე, ბოლქვაძე (ქიმაძე 71), დიღმელაშვილი (კირკიტაძე 61), ლომაშვილი, ჩიკვაიძე, გოცირიძე, დეკანოიძე, საჯაია, კაშია

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 მერებაშვილი (58), 2:0 ხმალაძე (63), 3:0 ძარია (74, 3:1 საჯაია (90+1)

მე-14 წუთზე ჩისკომ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: მერებაშვილი (37), გრაიციარი (67); კაშია (14), გოცირიძე (43)

გაძევება: უსტარიცი (78)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.661299