ფეხბურთი

2:55 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეს “მილანია”!!!

ამიერიდან, “მილანი” აღარავის მისცემს იმის უფლებას, რომ “ჯუზეპე მეაცაზე” თამაშის დროს, “როსონერი” გამოკვეთილ აუტსაიდერად მიიჩნიოს. საკადრო პრობლემებით დახუნძლული “მილანმა”, რომლის შემადგენლობაც სათანადოდ ისედაც არ ბრწყინავს, დაამტკიცა, რომ თუნდაც “ბარსელონასთან” შეუძლია ისეთი თამაშის ჩატარება, რომელსაც იდეალური უნდა ვუწოდოთ. ძნელია, გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც არაერთი საფეხბურთო მოღვაწის აზრით მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა, “ბარსელონამ”, 90 წუთის განმავლობაში, ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. “მილანმა” იმდენი მოახერხა, რომ მეტოქის ბრწყინვალე შემტევები სრულად გაანეიტრალა და ეს ყველაფერი არაა – მასპინძლებმა 2 გოლი გაიტანეს და ისეთი ანგარიში დააფიქსირეს, როგორსაც თამაშის წინ ვერც კი ინატრებდნენ.

ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად გამოცდილი შემადგენლობა ჰყავდა “ბარსელონას” მეტოქესთან შედარებით. “მილანის” სასტარტო თერთმეტეულს, ჩემპიონთა ლიგაზე, საერთო ჯამში, 286 თამაში ჰქონდა ჩატარებული. მხოლოდ ვიქტორ ვალდესის, ჩავი ერნანდესისა და სესკ ფარბეგასის გაერთიანებული მონაცემი კი, 287 მატჩს უდრიდა.

პირველ ტაიმში, ბურთს, რა თქმა უნდა, “ბარსელონა” ფლობდა, მაგრამ ორივე სახიფათო მომენტი მაინც სტუმართა კართან შეიქმნა. მე-11 წუთზე, მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ელ შაარავი შეიჭრა, მაგრამ იტალიელმა დარტყმა დააგვიანა და ეს მას პუიოლმა არ აპატია. ერთ წუთში, მილანელებმა კუთხური დაბალი ტრაექტორიით მოაწოდეს და ბოატენგის ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგ, ვალდესმა ბურთისთვის მხოლოდ თვალის გაყოლება მოახერხა, მაგრამ კატალონიელებს გაუმართლათ – დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მე-2 ტაიმში, სიტუცია დიდად არ შეცვლილა. ბურთს კატალონიელები აკონტროლებდნენ, ხოლო მომენტებს “მილანი” ქმნიდა. 57-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი შეტევა გოლით დასრულდა. მონტოლივოს შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ალბას მოხვდა, შემდეგ საპატას და კარის წინა ხაზთან მყოფ ბოატენგს მიუვიდა, რომელმაც ვალდესს აუღებელი დაურტყა. ამ შეტევის დროს, საპატას ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, მაგრამ კოლუმბიელი მცველის მოძრაობით ნათლად გამოჩნდა, რომ მას ამის განზრახვა არ ჰქონია და შესაბამისად, არბიტრმა გოლი წესების დაცვით ჩათვალა.

გატანილმა გოლმა სტუმრები კი გამოაცოცხლა, მაგრამ დრო გადიოდა და “ბარსელონა” საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 9 წუთით ადრე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრები შოკში ჩავარდნენ. “მილანმა” ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა და ის ანგარიში დააფიქსირა, რომელიც ორმატჩიანი დაპირისპირების ფავორიტად უკვე “როსონერის” აქცევს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოში მყოფმა ბოატენგმა პუიოლს აჯობა, კიდევ 2 მცველი მიიზიდა და ელ შაარავი მოძებნა. მილანელთა 92-ე ნომერმა, მეტოქისთვის ბურთის თავზე გადაგდებით, შეტევაში მარცხენა ფლანგიდან ჩართული და უმეთვალყურეოდ დატოვებული სალი მუნტარი მოძებნა, რასაც ამ უკანასკნელის დარტყმა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

2005 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე, ორბურთიანი სხვაობით “ბარსამ” მეორედ წააგო და ამჯერადაც მილანში, “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე.

წყვილის ფავორიტად შერაცხულმა გუნდმა თავისთვის არასასურველი შედეგი დააფიქსირა მე-2 თამაშშიც. დიდიე დროგბასა და უესლი სნეიდერის ტრანსფერებით გაძლიერებული “გალათასარაი” ცუდ ფორმაში მყოფ “შალკეს” მასპინძლობდა და მოსაგებადაც თამაშობდა, მაგრამ დაფიქსირებულმა ანგარიშმა “გალათასარაის” გეგმები შეუცვალა.

შეხვედრა “შალკეს” შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ეს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო გოლით მოახერხეს. მე-12 წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა ილმაზმა, მეტოქეს ბურთი თავზე ეფექტური მოძრაობით გადაუგდო და დაახლოებით 12 მეტრიდან დარტყმით, ჰილდებრანდს აუღებელი დაურტყა. ცნობისთვის, მიმდინარე გათამაშებაში, “გალათასარაის” 8 გოლი დაუგროვდა და აქედან 7 ილმაზის ანგარიშზეა.

“გალათასარაის”, სოლიდური უპირატესობის მოპოვება პირველივე ტაიმში შეეძლო, მაგრამ დროგბას სახიფათო დარტყმა სტუმართა კიპერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე მოთამაშე ალთინთოფმა ბურთი ძელს მოარტყა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაფიქსირდა. “შალკეს” კონტრშეტევის დროს, ფარფანის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მარტოდმატრო დარჩენილმა ჯონსმა ზუსტად დაარტყა და გელზენკირხენელთათვის ძალზე საჭირო გოლი გაიტანა.

 

მილანი-ბარსელონა 2:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 79532

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი, ამბროზინი, მონტოლივო, მუნტარი, ბოატენგი, პაცინი (ნიანგი 75), ელ შაარავი (ტრაორე 87).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი (მასკერანო 88), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი (სანჩესი 62), პედრო, მესი, ინიესტა.

მწვრთნელი: ხორდი როურა.

გოლები: 1:0 ბოატენგი (57), 2:0 მუნტარი (81).

გაფრთხილებები: მექსე 25, ტრაორე 90 – ბუსკეტსი 54, პიკე 57.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 5 (3)-5 (1), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 17-10.

 

გალათასარაი-შალკე 1:1 (1:1)

სტამბული, “თიურქ ტელეკომ არენა” 50734

გალათასარაი (4-4-2): მუსლერა, სარიოღლუ (ბულუთი 84), კაია, ნუნკო, რიერა, ალთინთოფი (ებუე 66), მელო, ინანი, სნეიდერი (ამრაბატი 46), ილმაზი, დროგბა.

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, ჰოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი, ჯონსი, ნოიშტადტერი, ფარფანი, დრაქსლერი (ბარნეტა 84), ბასტოსი, ჰუნტელაარი (პუკი 75).

მწვრთნელი: იენს კელერი.

გოლები: 1:0 ილმაზი (12), 1:1 ჯონსი (45).

გაფრთხილებები: მუსლერა 17, ამრაბატი 48, ნუნკო 68, ინანი 90 – ჯონსი 35, კოლასინაცი 78, ჰოგერი 87.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (8)-8 (3), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-6, ჯარიმა: 14-18.

0.245943