საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-24 იანვარს თეირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - იმამ იადეგარის თასზე ერთადერთი მედალი მოიპოვა. ბეგი დარჩიას გუნდი ხალიჩაზე 11 სპორტსმენით გავიდა და მათგან ყველაზე შედეგიანად მარად აბულაძემ იჭიდავა, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.
ფინალის გზაზე აბულაძემ ერაყელი მუჰამედ ქარიმ მუჰამედი (8-0), ჩრდილოკორეელი ვონ რი ჰაკი (2:1 6:3) და იაპონელი ჰიაეიუკი ოტოიზუმი (8-0) დაამარცხა. ჩემპიონობის შანსი კი აზერბაიჯანელ აზად ალიევთან წაგებით (0:7 0:4) დაკარგა. სწორედ ალიევმა გამოთიშა ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გიორგი დავითაია (0:0 6:0).
98 კილოგრამში მოჭიდავე ირაკლი ქაჯაიას სამეულამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. ოქრო-ვერცხლის შანსი საქართველოს ნაკრების წევრმა პირველსავე წრეში დაკარგა, ირანელ ალი ალიარიფეიზაბადთან მარცხით (1:3 0:1). დამამშვიდებელ ეტაპზე კი სომეხი მოვსეს ადამიანის ძლევის (1:0 3:0) შემდეგ ირანელ დავოდ აბედინზადეჩდორჩისთან ვეღარას გახდა (0:8) და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამავე წონაში საქმეში მიხეილ ქაჯაია და არსენ კახაბრიშვილიც ჩაერთნენ და პირველ წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 2:2 დასრულდა და მეოთხედფინალში ქაჯაია გავიდა, მაგრამ, იქ ირანელ აბედინზადეჩდორჩისთან დამარცხდა (0:2 0:2).
უშანგი ხალვაშმა (98 კგ) და სერგო გოგისვანიძემ (130 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა მომავალ ჩემპიონთან წაგებით დაასრულეს. დამამშვიდებელ ეტაპზეც ნაადრევად დამარცხდნენ და შედეგად ხალვაშმა მეექვსე ადგილი დაიკავა, გოგისვანიძემ – მეშვიდე.
ქემალ ხარაბაძე, რამაზ სურმანიძე (ორივე 59 კგ), უშანგი ჩიტიაშვილი (75 კგ) და შოთა გოგისვანიძე (130 კგ) თეირანულ ხალიჩაზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 29 ქულა დააგროვა და 10 ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რა თქმა უნდა ირანი გახდა, რომელიც შეჯიბრებაზე 57 სპორტსმენით გამოვიდა.