კალათბურთი

20:07 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას შეუდგა

23 ივნისს, საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თბილისურ შეკრებას მიმდინარე წლის 4 ივლისს დაასრულებს, 5-ში, გამთენიისას კი სლოვენიაში გაემგზავრება და ზემოთ ნახსენები ჩემპიონატისთვის მზადებას იქ გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრო-2015-ის ფინალური ტურნირის საგზურისთვის ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების შესახებ “მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ თანაშემწე კოტე ტუღუშს ესაუბრა, რომელიც თბილისურ შეკრებას ხელმძღვანელობს.

-      ნაკრების გაფართოებული, 19-კაციანი შემადგენლობიდან პირველ შეკრებაზე რამდენი გამოცხადდა?

-      ნაკრების პირველ შეკრებაზე 13 კალათბურთელი – ვიქტორ სანიკიძე (“სარაგოსა”, ესპანეთი), გიორგი ცინცაძე (უგუნდო), ლევან ფაცაცია (უგუნდო), ბექა წივწივაძე (“არმია”, საქართველო), დუდა სანაძე (“სან დიეგო”, აშშ), გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი (ორივე “არმია”, საქართველო), ირაკლი ჩლაიძე (“სოხუმი”, საქართველო), აკაკი დვალიშვილი (“ქუთაისი-2010”, საქართველო), ნიკა მეტრეველი (“ნაპოლი”, იტალია), ბესო ლეჟავა (“დინამო”, საქართველო), რეზო როგავა (“შსს აკადემია”, საქართველო) და ოთო ფხაკაძე (უკლუბო) გამოცხადნენ. მთავარ მწვრთნელ კოკოშკოვთან (სერბეთი) და ერთ-ერთ ასისტენტ ჯეისონ სტოდტთან (აშშ) ერთად, 5 ივლისს, სლოვენიურ შეკრებაზე, რომელსაც ქალაქი პოდჩეტრტეკი უმასპინძლებს, ზაზა ფაჩულია (“მილუოკი ბაქსი”, აშშ), რიკი ჰიკმანი (“მაკაბი”, ისრაელი), თორნიკე შენგელია (“კუჩა ლაბორალი”, ესპანეთი) და მანუჩარ მარკოიშვილი (“გალათასარაი”, თურქეთი) შეუერთდებიან. 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ შეუერთდება ნაკრებს კოკოშკოვის პირველი თანაშემწე დავით უსტიაშვილი, რომელიც პარალელურად 20 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, ეროვნულ ნაკრებს უსტიაშვილთან ერთად ბექა ბურჯანაძეც შეუერთდება, რომელიც პარალელურად 20 წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. რაც შეეხება გიორგი შერმადინს (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), იგი კისტის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შეძლებს იგი ვარჯიშის განახლებას.

-      რა გეგმები გაქვთ დასახული ნაკრების თბილისური შეკრების დროს? 

-      ნაკრების წევრობის კანდიდატები თბილისური შეკრების დროს ძირითადად ფიზმომზადებით იქნებიან დაკავებულები, რომელსაც ალექსანდრ ჩვოროვიჩი (სერბეთი) უხელმძღვანელებს. თბილისური შეკრების დროს მარტო ფიზმომზადებით არ შემოვიფარგლებით და გარკვეულ დროს ბურთსაც დავუთმობთ.

0.115537