ფეხბურთი

13:16 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ნაკრებს „ავივაზე“ ქართველი გულშემატკივრები გაამხნევებენ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში დუბლინში 30 მაისს, საღამოს ჩაატარა. ირლანდიის დედაქალაქში გუნდის 23-კაციანმა შემადგენლობამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. თემურ ქეცბაიამ Wayside Celtic - ზე ფეხბურთელები სრული დატვირთვით ავარჯიშა. ირლანდიაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და 2 ივნისის ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. დუბლინში საქართველოს ნაკრების პირველ ვარჯიშს ირლანდიის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ოცამდე ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდს ირლანდიის მთავარ სპორტულ არენაზე რამდენიმე ასეული ქართველი ქომაგი გაამხნევებს.

ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა.

ზურაბ ხიზანიშვილი: „ჩვეულებრივი მოლოდინი გვაქვს. ამხანაგური თამაში კია, მაგრამ ვიცით, ჩვენი მეტოქე რა ძალასაც წარმოადგენს. ვუყურეთ ინგლისისა და ირლანდიის ამხანაგურ თამაშს. ლონგი, რომელმაც ინგლისელებს გოლი გაუტანა, ჩემი ყოფილი თანაგუნდელია. რობი კინთან ერთად, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ძალიან რთული თამაში იქნება, თუმცა, ძალიან საინტერესო. ასეთ გუნდებთან მატჩი, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოადგებათ, რომლებიც ჩვენს ნაკრებში თამაშობენ.“

ირაკლი მაისურაძე: „ყველამ კარგად იცის, თუ როგორი ძლიერი ნაკრებია ირლანდია. ინგლისი-ირლანდიის მატჩი ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ მაღალი დონის, ბრძოლისუნარიანი გუნდია. რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი სანახაობა იქნება. თან, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე უნდა ვითამაშოთ...“

დღეს, საქართველოს ნაკრები დუბლინის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით - 21:00) კვლავ Wayside Celtic - ზე ივარჯიშებს. მატჩამდე 24 საათით ადრე კი, 1 ივნისს, თემურ ქეცბაიას გუნდი „ავივას“ სტადიონზე მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ჩაატარებს. ირლანდიასა და საქართველოს შორის მატჩი კი, 2 ივნისს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ტელე-რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.114916