ფეხბურთი

19:43 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ექვსქულიანი მატჩი “სპარტაკმა” მოიგო

ცხრილიდან გამომდინარე, მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გუნდებს 17-17 ქულა მოეგროვებინათ და უმაღლესში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ასეთ შეხვედრებს 6-ქულიანებს უწოდებენ და ასეც იყო. ცხინვალის “სპარტაკმა” შედარებით ამოისუნთქა, რადგან იმარჯვა და უშუალო კონკურენტს გაუსწრო – კახა კაჭარავას გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი მიითვალა, ზუგდიდელებმა კი, მცდელობების მიუხედავად, გიორგი ნადირაძის კარი ვერ აიღეს.

ჯერ ის ვთქვათ, რომ დისკვალიფიკაციის გამო, “სპარტაკს” ორი წამყვანი ფეხბურთელი (თექთურმანიძე, თუხარელი) აკლდა, ხოლო ზუგდიდელებს – ერთი (სიხარულია). საწყის 10 წუთში გიორგი დარასელიას გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ორი ხიფათიც შექმნა: ჯერ ლუკა გუგუჩიამ იბრძოლა დაკარგულ ბურთზე, თითქმის პირისპირ დარჩა ნადირაძესთან და მეკარე დროულად ჩაუხტა ფეხებში. ეს მომენტი განიმუხტა, ხოლო მალევე ნიკა აფაქიძის თავური გამოდგა უზუსტო.  

“სპარტაკმა” ნელ-ნელა გაათანაბრა თამაში და მოგვიანებით უპირატესობაც მოიპოვა. თამაზ მაქაცარიას აქტიურობისა და პასის შემდეგ, ირაკლი ეხვაიას შეეძლო ყოფილი გუნდის დამწუხრება, თუმცა კარგად ვერ დაარტყა. ანგარიში კი 29-ე წუთზე გაიხსნა: “სპარტაკის” სტანდარტულის შემდეგ, ზუგდიდელებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან მდგომ თემურ შონიას მიუვიდა და “სპარტაკის” კაპიტანმაც ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.

უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში სტუმრებს მეტი ყურადღება მართებდათ შონიას მიმართ. ეს ფეხბურთელი შორიდან ძლიერად დარტყმით გამოირჩევა და რატომღაც, სრულიად მარტო დატოვეს. დაახლოებით ორ წუთში, გუგუჩიამ შეასრუალ საჯარიმო და ოდნავ ააცილა კარს.

ჩვენი ჩემპიონატის თამაშების კვალობაზე, პირველ ტაიმს სანახაობრივად ცუდი არ ეთქმოდა, მეორე ნახევარში კი შედარებით მეტი იყო ჯარიმები, თამაში ცოტა გაუხეშდა. ერთ მომენტში აფაქიძე და ეხვაია უხერხულად შეეჯახნენ ერთმანეთს, 2-3 წუთი ექიმები დასტრიალებდნენ თავს და ორივე მათგანმა თავსახვევით გააგრძელა თამაში. შესვენების შემდეგ, პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როცა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს და ბოლოს დავით კირკიტაძემ უზუსტო პასი გააკეთა – დარტყმა აჯობებდა.

57-ე წუთზე კი “სპარტაკმა” მეორედ გაიხარა: მაქაცარიამ მშვენივრად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შეიჭრა, რბილად ჩააწოდა და ეხვაიამ თავურით გაუტანა ყოფილ გუნდს - 2:0.

დრო საკმაოდ იყო, თუმცა “სპარტაკმა” ბურთი კარგად დაიჭირა ცენტრში და მეტოქეს თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევდა. მხოლოდ ბოლო 10 წუთში გააძლიერეს ზუგდიდელებმა შეტევები და კაჭარავას გუნდს გაუჭირდა. ერთ მომენტში ჩერნოგორიელი ფორვარდი ჯორჯე კრკელიჩი წაიქცა და პენალტს ითხოვდა, ხოლო კირკიტაძეს საჯარიმო დარტყმა გაუცუდდა – ზემოდან გადააცილა კარს.

ერთიც: თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას თანაშემწემ, სოსო ჭედიამ უყურა. ამ ორი გუნდიდან, ნაკრებში ერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული ლიხტენშტაინთან მატჩისთვის – “სპარტაკის” მცველი ლევან კაკუბავა, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მინდორზე.

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

9 მარტი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი. 300 მაყურებელი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, კაკუბავა, იოსელიანი, შონია (ბურძენაძე 49), ცერცვაძე, პარუნაშვილი, მაქაცარია, ჩაფიძე (კემუხტაშვილი 81), ეხვაია (მეტრეველი 74).

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

ზუგდიდი: ზარქუა, ქათამაძე, მირცხულავა, აფაქიძე, ჯავაშვილი, ქირია, ქებაძე (ცაავა 58), კირკიტაძე, შოთა ლომია (სამუშია 62), გუგუჩია (კალანდარიშვილი 46), ეხვაია.

მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლები: 1:0 შონია (29), 2:0 ეხვაია (58).

გაფრთხილება: იოსელიანი (53), კაკუბავა (59), ქათამაძე (68), ცერცვაძე (86).

მსაჯი: ოთარ ხეცაძე.

0.553005