რაგბი

21:59 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ერის დრამატული შაბათი

 

ექვს ერზე შაბათს გამართული ორივე თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვერავინ იტყოდა რომელი გუნდი მოიპოვებდა გამარჯვებას, საბოლოოდ კი, ისე მოხდა, რომ სამი ტურის შემდეგ ტიტულის მოგების შანსი ერთბაშად ოთხმა გუნდმა შეინარჩუნა.

რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართული მატჩის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც დანკან უეირმა დაახლოებით 35 მეტრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა და იტალიასთან სტუმრად გამართულ მატჩში შოტლანდიას გამარჯვება მოუტანა - 21:20. თამაში დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის მორაგბეები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, რათა სეზონის პირველი გამარჯვება ეზეიმათ და მაყურებელმაც ბოლომდე ისიამოვნა. პირველ ტაიმში იტალიელები შერკინებაში დომინირებდნენ და ყველა ჯერზე სტუმართა 3 ნომერი ჯარიმდებოდა, რის გამოც საბოლოოდ ის მწვრთნელმა ჯერ კიდევ შესვენებამდე შეცვალა.

ანგარიში იტალიამ შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ტომასო ალანის ჯარიმით გახსნა, რაზეც კრეიგ ლეიდლოუმ ზუსტი ჯარიმითვე უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლო მასპინძლებისა იყო. ალანმა 31-ე წუთზე იტალიელებს ჯარიმით უპირატესობა დაუბრინა, ზედ შესვენების წინ კი, სერხიო პარისემ მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან კარგად შეუტია და ალანს სტუმართა არეული დაცვის გარღვევა აღარ გაჭირვებია. მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი იტალიამ 13:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიამ ჩამორჩენა ლეიდლოუს ჯარიმით შეამცირა, მერე ლელოზე ათამაშდა, ალექს დანბარი მეტოქის დაცვამ “გაატარა” და მანაც ლელო ალამთან გაიტანა. ამან სქოთებს თავდაჯერებულობა შემატა და მოედნის ცენტრიდან წამოწყებული იერიში დანბარმა მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო უეიერმა გარდასახვა გამოიყენა. იტალიელებმა მობილიზება მოახერხეს, მეტოქის 22-ში შეიჭრნენ, სტუმართა დაცვის ხაზი გაჭიმეს და ჯოშუა ფურნომ ლელოთი წონასწორობა სამ წუთში აღადგინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ლუჩიანო ორკერამ გარდასახვით მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა. მაგრამ შოტლანდიამ საპასუხოდ შეუტია, საფინალო სასტვენამდე 15 წამით ადრე გადამწყვეტი არეკნი გაიტანა და “ხის კოვზის” კანდიდატობას თავი დააღწია.

ინგლისმა “თვიქნემზე” ირლანდიას დახურულ და დაძაბულ ბრძოლაში 13:10 აჯობა და უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ტურნირის “დიდი სლემით” მოგების შანსი აართვა, თავად კი, მეტოქესთან ერთად გამარჯვების შანსი დაიტოვა. პირველ ტაიმში მასპინძლები ტერიტოირულ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთსაც მეტოქეზე ხშირად აკონტროლებდნენ, მაგრამ ამით სათანადოდ ვერ ისარგებლეს. შესვენებამდე მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, ოუენ ფარელიმ დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 3:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრებმა ისე ჩაატარეს, როგორც ეკადრებოდათ და 10 ქულა აიღეს. რობ კერნის სწრაფ ლელოს ჯონათან სეხსტონმა ზუსტი გარდასახვა და მალევე ჯარიმა მიაყოლა. ინგლისელები გამოცოცხლდნენ და საპასუხო 10 ქულაც მალევე გაიტანეს. ფარელიმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე დენ კეირმა ლელო გაიტანა, ფარელმა გარდასახვა გამოიყენა და საფინალო სასტვანამდე 25 წუთით ადრე ტაბლოზე 13:10 დაფიქსირდა. დარჩენილ დროში ირლანდია უტევდა, მაგრამ ინგლისმა კარგად დაიცვა თავი, მეტოქეს სივრცეები არ დაუტოვა და ექვსი ერის სამი ტურის შემდეგ, ტიტულის მოგების შანსი ოთხმა გუნდმა შეინარჩუნა.

 

2014 წლის ექვსი ერი. მესამე ტური

21 თებერვალი

უელსი - საფრანგეთი 27:6 (20:6)

22 თებერვალი

იტალია - შოტლანდია 20:21 (13:3)

ინგლისი - ირლანდია 13:10 (3:0)

 

  1. ირლანდია            3          2          0          1          64-22   4
  2. ინგლისი               3          2          0          1          57-36   4
  3. უელსი                 3          2          0          1          53-47   4
  4. საფრანგეთი         3          2          0          1          62-61   4
  5. შოტლანდია         3          1          0          2          27-68   2
  6. იტალია                3          0          0          3          45-74   0

 

მომდევნო ტური. 8-9 მარტი

ირლანდია - იტალია

შოტლანდია - საფრანგეთი

ინგლისი - უელსი

თეგებიექვსი ერი
0.159445