მაშ ასე, დაიწყო ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი და თავიდანვე გამოჩნდა ის ხარვეზები, რაც ორ ექვსგუნდა სისტემას ახლავს. ქვედა ექვსეულის სამივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. თან მივაქციოთ ყურადღება: სტუმრები ისეთი გუნდები იყვნენ, რომლებიც გასავარდნ ზონაში არიან და ძალიან სჭირდებათ ქულები, შესაბამისად, მოტივაციაც მეტი ჰქონდათ.
ახლა ვითარება ასეთია: არის უმოტივაციოდ დარჩენილი რამდენიმე გუნდი, რომელთაც გავარდნა აღარ ემუქრებათ და საპრიზო ადგილებისთვის ალბათ ვეღარ იბრძოლებენ. ანუ, დარჩენილ 9 ტურში ყველაფერი მათ კეთილ ნებასა და ფეარ პლეის პრინციპზეა დამოკიდებული. ძალიან ადრე ხომ არ არის? ცხადია, მწვრთნელ-ხელმძღვანელები იტყვიან: ყველა მატჩში მინდორზე მოსაგებად გავალთო და მართლებიც იქნებიან, მაგრამ ამ ყბადაღებულ მოტივაციას რა ვუყოთ? მათ ადგლზე ნებისმიერი სხვაც ასეთივე მდგომარეობაში იქნებოდა. შესაძლოა, არავინ არაფერი ჩააწყოს, მაგრამ სეზონის ბოლომდე გულშემატკივრები ამ სიტყვას რომ ბევრჯერ იხმარენ, ეს ნაღდია. აი, გუშინ ქვედა ექვსეულის მატჩების შემდეგ ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში უმეტესობა გარიგებებზე ლაპარაკობდა.
ახლა კი უშუალოდ ტურის შესახებ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა. სამი საშინაო წაგების შემდეგ, როგორც იქნა, მოიგო “დინამომ,” მათმა ახალწვეულმა ოთარ მარცვალაძემ კი საქართველოს ჩემპიონატში 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა. მოგეხსენებათ, ოთარი 2006 წლის გაზაფხულზე გადავიდა “ვიტ ჯორჯიიდან” კიევის “დინამოში” და ამის შემდეგ საქართველოში აღარ უთამაშია. გამოდიოდა “გოვერლაში,” მახაჭყალის “ანჟიში,” ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში,” “კრასნოდარში,” ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასა” და ვლადიკავკაზის “ალანიაში,” საიდანაც ამ ზამთარს წამოვიდა “დინამოში.” ჯამში კი მარცვალაძეს ეროვნული ჩემპიონატის 82 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.
გრძელდება საჩხერული კლუბის კრიზისი. “ჩიხურამ” ზედიზედ მეოთხედ წააგო ჩემპიონატში. მარტში ზემოიმერლებმა 11 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 3 გაიტანეს. საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდისთვის ეს მართლაც სავალალო შედეგია.
სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გვაოცებს “ზესტაფონი.” ჩანს, თუ ხელი არ შეუშალეს, გია გეგუჩაძე ისევ სერიოზულ გუნდს ჩამოაყალიბებს. გაზაფხულზე მარგველებმა მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგეს და ამას თუ დეკემბერის ბოლო სათამაშო დღეს “გურიასთან” გამარჯვებასაც დავუმატებთ, სულაც 7 გამოვა.
კიდევ ერთი გამოსარჩევი ამბავი “მერანის” გამარჯვებაა გორში “დილასთან.” აქამდე მარტვილელებს 16 (!) ტურის განმავლობაში აღარ მოეგოთ და შედეგიც სახეზეა, ცხრილის ფსკერზე არიან. გუშინდლამდე მათი ბოლო წარმატება 2013 წლის 21 სექტემბრით თარიღდება (“სიონთან” სამტრედიაში 2:0), როცა მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ მალხაზ ჟვანია იყო. ჟვანიას “დინამოში” გადასვლის შემდეგ გუნდში დამრიგებლად კახა ჩხეტიანი მივიდა, მაგრამ საქმე ვერ აეწყო და ზამთარში ჭყონდიდელები ზურაბ იონანიძემ ჩაიბარა. ესეც “იონას” პირველი გამარჯვება.
ზედიზედ მეორედ მოიგო გიორგი დარასელიას “ზუგდიდმა” და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა, თუმცა ჯერაც გასავარდნ ზონაშია. მათმა მწვრთნელყოფილმა ვეტერანმა, კლიმენტი წიტაიშვილმა კი გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
1-6 ადგილებისთვის. 25 მარტი
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (59), 0:2 ჯაბა უგულავა (77), 1:2 ზაზა ჭელიძე (82)
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)
გოლი: 1:0Dჩისკო (36), 2:0 ოთარ მარცვალაძე (49), 3:0 დარკო გლიშიჩი (83)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (14), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (34)
1 | დინამო (თბ) | 23 | 16 | 3 | 4 | 54:17 | 51 |
2 | ზესტაფონი | 23 | 13 | 4 | 6 | 32:15 | 43 |
3 | ჩიხურა | 23 | 11 | 5 | 7 | 41:35 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 23 | 9 | 6 | 8 | 26:27 | 33 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
24-ე ტური. 29 მარტი. შაბათი: გურია – სიონი, მეტალურგი – ჩიხურა, დინამო - ზესტაფონი
7-12 ადგილებისთვის. 26 მარტი
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (0:0)
გოლი: 1:0 კობა შალმბერიძე (53), 1:1 დათა ციცხვაია (67), 1:2 კიჭი მელიავა (72)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 კლიმენტი წიტაიშვილი (31), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (84)
გაძევება: დავით კირკიტაძე (83, “ზუგდიდი,” ორი ყვითელი)
ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:2 (0:0)
გოლი: 0:1 ლაშა ქემუხტაშვილი (54), 0:2 ლაშა პარუნაშვილი (86)
1 | დილა | 23 | 8 | 8 | 7 | 29:24 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 23 | 8 | 5 | 10 | 29:31 | 29 |
3 | ტორპედო | 23 | 8 | 5 | 10 | 24:32 | 29 |
4 | სპარტაკი | 23 | 7 | 2 | 14 | 21:32 | 23 |
5 | ზუგდიდი | 23 | 6 | 5 | 12 | 14:31 | 23 |
6 | მერანი | 23 | 5 | 3 | 15 | 18:41 | 18 |
24-ე ტური. 30 მარტი. კვირა: მერანი – სპარტაკი, ზუგდიდი – ტორპედო, დილა – ვიტ ჯორჯია
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;