ფეხბურთი

18:19 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ პეტი: “მთავარი მოგება კი არაა, არამედ როგორ მოიგებ”

მას შემდეგ, რაც ემანუელ პეტი 1997 წლის ზაფხულში “მონაკოდან” არსენ ვენგერის “არსენალში” გადავიდა, მომდევნო წელს ჯერ პრემიერლიგა მოიგო, შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა, მუნდიალ98-ზე კი ოქროს მედალი მოიპოვა.

გემახსოვრებათ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგებმა ბრაზილიის ნაკრები 3:0 გაანადგურეს და ერთი გოლი სწორედ პეტის ანგარიშზეა. ემანუელის მიღწევების სიაში ევროპის ჩემპიონობაცაა ჩაწერილი.

პეტის გოლი ყველაზე საჭირო და გადამწყვეტ მომენტში გაჰქონდა, რაც მისი მთავარი ხიბლი იყო.

ემანუელ პეტი მსოფლიო თასის მოგებაზე, ზიდანზე, ანრიზე, ფიგუზე, ბერკამპსა და თავის კარიერაზე sky sport-ს ესაუბრა. 

ყველაზე ბედნიერი წუთები – მსოფლიო თასი

ეს განსაკუთრებული წუთები იყო, მითუმეტეს, რომ რამდენიმე კვირით ადრე პრემიერლიგისა და საფრანგეთის თასი მოვიგე. ეს საუკეთესო ორი თვე იყო ჩემ ცხოვრებაში. როდესაც ვცდილობ გავიხსენო მსოფლიო თასის მოგების დღე, მხოლოდ ის წამები მახსენდება, როცა გოლი გავიტანე, მინდორზე დავეცი და პატრიკ ვიეირა ჩემსკენ გახარებული მორბოდა. მახსოვს ის ხმაური და აჟიოტაჟი, რომელიც მსაჯის სასტვენს მოჰყვა. სხვა არაფერი მესმოდა. შესანიშნავი იყო, ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები.

განსაკუთრებული გოლი – “არსენალი”-“დერბი, ქაუნთი” (1:0) 1998 წელი

რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი განსაკუთრებულია, მაგრამ ასევე გამორჩეულია არსენალი - დერბის მატჩში გატანილი გოლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის, აუცილებლად უნდა მოგვეგო. შორი დარტყმით გოლი გავიტანე და ის მატჩი 1:0 მოვიგეთ. შორეული დარტყმები მანამდეც მომწონდა, მაგრამ ცოტა უცნაური იყო ჩემთვის. მე ჩემი საფეხბურთო კარიერა მცველის ამპლუაში დავიწყე და დროთა განმავლობაში გადავიწიე ნახევარმცველად. ფრანგული ფეხბურთის ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახევარმცველები შორი დისტანციიდან შესრულებული დარტყმებით გატანილი გოლებით არ გამოირჩეოდნენ. როცა ინგლისში გადავედი, განსახვავებული გარემო დამხვდა. ინგლისურმა მენტალობამ და თამაშის სტილმა საკმაოდ შემცვალა. ინგლისში გატარებული პერიოდი მეტად სასიამოვნოდ მახსენდება.

ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე – ლუიშ ფიგუ

უნარი, ხედვა, მოძრაობა – ფიგუ ამ ყველაფრით დაჯილდოებული იყო. როცა ის ბურთით წინ მიიწევდა, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. როცა პორტუგალიასთან გვიწევდა შეხვედრა, ყველაზე შთამბეჭდავი, რაც დამამახსოვრდა ამ მატჩებიდან, ლუიშ ფიგუა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო.

ყველაზე ნიჭიერი თანაგუნდელი –არჩევანის გაკეთება რთულია

ძალიან ბევრ შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაში: ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი, ჯანფრანკო ძოლა, პატრიკ ვიეირა... რთულია, რომელიმე გამოვყო. არ მინდა რომელიმე მათგანის უპატივცემულობად ჩამეთვალოს. ზიდანს თამაში ხელოვნების დონეზე აჰყავდა, ანრის უძლიერეს ფეხბურთელად ვთვლიდი, ხოლო პატრიკ ვიეირას ლიდერობის საოცარი თვისებები ჰქონდა. თითოეული მათგანი თამაშის სტილით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებოდა, მაგრამ ყველანი უძლიერესი ფეხბურთელები იყვნენ.

კერპი – მიშელ პლატინი

როცა პატარა ვიყავი, პლატინი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მთავარი კაცი და ჩემი კერპი იყო. მისით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი. თუმცა, სხვა ფეხბურთელებიც მომწონდა, მაგალითად, არგენტინელი მარიო კემპესი. სიამოვნებას მანიჭებდა ბრაზილიელი ფეხბურთელების თამაშიც. მომწონდა გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა თამაშის კლასი, სილამაზე. ვთვლი, რომ მთავარი მოგება კი არაა, არამედ როგორ მოიგებ.

საუკეთესო მეგობარი – ფრანგი თანაგუნდელები

დღემდე ვმეგობრობ ვილიამ გალასთან, ასევე, ლილიან ტურამთან, რობერ პირესთან, პატრიკ ვიეირასთან და ტიერი ანრისთან. თუმცა, მათთან მუდმივი კავშირი რთულია, რადგან ჩვენ უკვე სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ემანუელ პეტიმ მუხლის ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა, სრული დატვირთვით ვარჯიში აეკრძალა და მას შემდეგ დიდ ფეხბურთს აღარ დაბრუნებია.

ის ამჟამად საფრანგეთში საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს.

0.12536