ფეხბურთი

20:32 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელ აჰმადი: “დელფი იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას’’

 

“ასტონ ვილას’’ მაროკოელი  ნახევარმცველის კერიმ ელ აჰმადის აზრით, მისი თანაგუნდელი ფაბიან დელფი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. “ბირმინგემ მირორისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ელ აჰმადიმ პრემიერლიგაში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და მრავალმხრივ ნახევარმცველად დელფი მიიჩნია. მისი თქმით, იგი გაკვირვებულია როი ჰოჯსონის გადაწყვეტილებით, როდესაც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში დელფის გვარი არ ამოუკითხავს.

“როი ჰოჯსონის კომპეტენციაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, თუმცა მაქვს პირადი შეხედულება. მიუხედავად იმისა, რომ  ინგლისის ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ირიცხება, ყველა მათგანის წინააღმდეგ მიწევს თამაში და ვიცი, რომელი რას წარმოადგენს. ასევე კარგად მომეხსენება დელფის შესაძლებლობები და  საბოლოოდ მივდივარ იმ დასვნამდე, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას’’, -განაცხადა მაროკოელმა.

“დელფი ძალიან მონდომებულია, მუდამ ბოლომდე იხარჯება და წარმატების მიღწევისადმი დაუოკებელი ჟინი ამოძრავებს. იგი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ამ თვალსაზრისით მას ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც ბევრ სხვა ტექნიკურ ფეხბურთელს არ ახასიათებს. ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, არა მხოლოდ კლუბში, არამედ პრემიერლიგაში. მიმაჩნია, თუ იგი შეინარჩუნებს სათამაშო ფორმას, ნაკრების მწვრთნელები მის მიმართ აუცილებლად გამოიჩენენ ყურადღებას.

როდესაც ,,ვილა პარკზე’’ მოვედი, მივხვდი, რომ დელფი ტალანტია. ვფიქრობ ის გახდება დიდი ფეხბურთელი. როდესაც მასთან ერთად მოედანზე ხარ და ხედავ თუ როგორ მოქმედებს, ხედავ როგორ იბრძვის ბურთის მოსაპოვებლად და გამარჯვების რამხელა სურვილი ამოძრავებს, მისი მოტივაცია შენზეც გადმოდის, შენში იზრდება გამარჯვების წყურვილი და გაათმაგებული ენერგიით თამაშობ’’, _ დაასრულა ელ აჰმადიმ.

შეგახსენებთ, “ლიდს იუნაიტედის’’ სკოლის აღზრდილი ფაბიან დელფი “ასტონ ვილას’’ რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე 76 მატჩი და 3 გოლია. გამოდიოდა ინგლისის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.174449