პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა "ჟილ ვისენტეს" ქართველმა შემტევმა ავთო ებრალიძემ. 21 წლის ებრალიძემ, "სეტუბალთან" გასვლაზე (2:2) კარგი თამაში აჩვენა და ორივე საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. პირველად, მის ფლანგიდან ჩაწოდებულს მოჰყვა გამწვავება, ხოლო მეორე გოლისას ეფექტური გარღვევა განახორციელა, 2 კაცი მოატყუა, კიდევ 2 მცველს შორის ბურთი შეინარჩუნა და თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რომელმაც ზუსტად დაარტყა. http://www.ojogo.pt/jogosemdirecto/jogo.aspx?content_id=3443751
კარგია, რომ ასეთი დონის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა და თანაც, მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ავთომ ამ შეხვედრაში 80 წუთი ითამაშა, "ჟილ ვისენტე" კი მეშვიდე პოზიციაზეა.
რუსეთში "როსტოვი"-"ურალი" 1:1 დასრულდა. ჯანო ანანიძე სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია – საერთოდაც, სეზონის სტარტზე შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო მატჩებში. "როსტოვი" მერვე ადგილზეა.
"ურალს" კი კვლავაც ვერ შეუერთდა ლაშა გვალია – სავიზო პრობლემების გამო, რუსეთში ჩასვლას ვერ ახერხებს.
ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ერჩიესთან" და მე-15 ადგილზეა. ხიზანიშვილი განაცხადში არ გახლდათ, რადგან ბოლომდე არ მოუშუშებია ტრავმა.
უკრაინაში "სევასტოპოლმა" გასვლაზე 1:3 წააგო კიევის "არსენალთან" და მე-11 ადგილზეა. მათე ღვინიანიძემ, რომელიც თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან სანაკრებო მატჩისთვის გამოიძახა, შეუცვლელად ითამაშა.