ფეხბურთი

19:51 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძველი და ახალი “რაპიდი”

 

გორის “დილას” მეტოქე – ვენის “რაპიდი” სახელიანი გუნდი კია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად ვარსკვლავებს წყვეტს. ვენელებმა ავსტრიის შარშანდელ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს ვენისვე “აუსტრიისა” და “ზალცბურგის” შემდეგ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეორეადგილოსან “ზალცბურგს” 20 ქულით (!) ჩამორჩნენ.

ისტორიულად, “რაპიდი” ავსტრიის ყველაზე წარმატებული კლუბია, 32-ჯერ მოუგია ქვეყნის ჩემპიონატი და 14-ჯერ თასი. ეგ კი არა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ნაცისტებმა ავსტრია დაიპყრეს, გაერთიანებულ ჩემიონატში გამოდიოდა და 1941 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, 1938-ში კი თასი მოიგო. ევროსარბიელზე ყველაზე წარმატებული 1985 და 1996 წლები ჰქონდათ. საერთოდ, 70-იანის ბოლოს და 80-იან წლებში (თუ მითიური 30-იანების ვუნდერტიმს არ ჩავთვლით) ავსტრიული ფეხბურთის პიკი იყო და “რაპიდიც” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა.

“რაპიდი” ყოფილი საბჭოელებისთვის საინტერესო პირველად მაშინ გახდა, როცა იქ რუსი ანატოლი ზინჩენკო გამოჩნდა. იმ დროს ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო, საბჭოეთიდან გაქცეული კაცი ავსტრიულ გუნდში თამაშობდა. მაშინ საბჭოთა კავშირში ევროფეხბურთს მხოლოდ იმ შემთხვევაში უჩვენებდნენ თუკი საბჭოთა გუნდები მონაწილეობდნენ. 1984/85 წლების თასების თასის გათამაშების ნახევარფინალში “რაპიდი” მოსკოვის “დინამოს” შეხვდა (3:1, 1:1) და აი, მაშინ ვნახეთ ნამდვილი ავსტრიული ფეხბურთი. ლეგენდარულმა ჰანს კრანკლმა ხომ აიკლო მოსკოველთა დაცვა. იქვე იყვნენ პეტერ პაკულტი და ჩეხი ანტონინ პანენკა. იმ წელს “რაპიდი” ფინალში გავიდა, მაგრამ ინგლისურ “ევერტონს” ვერაფერი მოუხერხა (1:3). სხვათა შორის იმ ტურნირის ბომბარდირი 5 გოლით ვალერი გაზაევი გახდა, რომელიც მაშინ მოსკოვის “დინამოს” ღირსებას იცავდა, მომდევნო წელს კი თბილსის “დინამოში” გადმოვიდა.

“რაპიდი” კიდევ ერთხელ იყო თასთა თასის ფინალში. ეს ამბავი 1996 წელს მოხდა, თუმცა, ლე გუენისა და ჯორკაეფის “პარი სენ ჟერმენს” ვერ აჯობა (0:1).

უკანასკნელ წლებში რაპიდელები მაინცდამაინც წარმატებული გამოსვლით ვერ დაიკვეხნიან. ჩემპიონები ბოლოს 2008-ში იყვნენ, რაც “რაპიდისთვის” გაუგონარი ამბავია. წლევანდელ სეზონში კი 3 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-3 ადგილზე არიან. მწვრთნელი 43 წლის ზორან ბარიშიჩი ჰყავთ. მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებიდან კი ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველი გუიდო ბურგშტალერი და ამერიკელი ტერენს ბოიდი შეიძლება გამოვარჩიოთ, რომელიც, შესაძლოა, აშშ-ის ნაკრებიდან გვეცნობოდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11628