საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას 87 წლის შოთა ბუაძე უხელმძღვანელებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის ყველაზე ხანდაზმული წევრის კანდიდატურას მხარი ხმის უფლების მქონე დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
რიგგარეშე ყრილობის ჩატარება აუცილებლობა ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის დავით ბეჟუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის გამო გაჩნდა. ამ უკანასკნელმა განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და უფლებამოსილება ვიცეპრეზიდენტ კახი კახიაშვილს გადააბარა, მაგრამ კახიაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კატეგორიულად იუარა და დელეგატებს ყრილობაზე დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლის ირაკლი გუგუშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. არც გუგუშვილმა ისურვა პრეზიდენტობა და დამსწრეთ შოთა ბუაძის კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ პირველ შეთავაზებაზე ბუაძემაც იუარა, ისევე, როგორც მომდევნო კანდიდატებად დასახელებულმა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ და ეროვნული ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.
დაახლოებით ერთსაათიანი მსჯელობა-გადაძახილების შემდეგ დელეგატები ისევ კახაბრიშვილს მიუბრუნდნენ და მეორე ცდაზე უფრო დამაიმედებელი პასუხი მიიღეს – მათთვის სასურველმა კანდიდატმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და დარბაზი დატოვა. როგორც გაირკვა, სამინისტროს ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩასაყენებლად, მაგრამ მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძისა და მინისტრ ლევან ყიფიანისგან უარი მიიღო და... დელეგატთა წვალებაც გაგრძელდა. საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან შოთა ბუაძე მეორედ შეთავაზებას ადვილად დათანხმდა.
რიგგარეშე ყრილობამ ფედერაციის წესდებასა და აღმასკომის შემადგენლობაშიც განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები – წევრთა რაოდენობა 9-მდე შეამცირა.
წინასწარი გადაწყვეტილებით, მორიგი რიგგარეშე ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები 10 ივნისს უნდა გაიმართოს, ოღონდ, მთავარია, იქამდე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთი მსურველი მაინც გამოჩნდეს. ალბათ ამის პრობლემა არც იქნებოდა, რომ არა ერთი დიდი პრობლემა - საერთაშორისო ფედერაციისგან დაწესებული ჯარიმა, რომელიც მაქსიმუმ 25 ივნისამდეა გადასახდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია მინიმუმ ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს. სანქცია ოთხი ქართველი ძალოსნის დოპინგ-სკანდალში გახვევას მოჰყვა. ჩვენი ბედი, რომ აკრძალული პრეპარატი გასულ სეზონზე ოთხზე მეტმა ჩვენებურმა არ მიიღო, თორემ ჯარიმა ნახევარ მილიონ დოლარამდე გაიზრდებოდა.
“სამწუხაროდ არც 100 ათასი დოლარის გადახდის საშუალება გვაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ მძიმე დღეში ქართული ძალოსნობა აქამდე არასოდეს ყოფილა. დავით ბეჟუაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად წელიწადისა და ოთხი თვის წინ აირჩიეს. მაშინ ფედერაციას ვალი ნამდვილად არ ჰქონდა. ამჯერად კი საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს. ბეჟუაშვილმა ყველაზე ცუდი დრო შეარჩია გვერდზე გასადგომად. არადა სულ რაღაც თვენახევრის წინ პირობას დებდა, რომ ჯარიმას გადაიხდიდა” – განაცხადა კახი კახიაშვილმა და ირაკლი გუგუშვილს სთხოვა პასუხის გაცემა, რატომ მოიქცა ექსპრეზიდენტი ასე ცუდად.
გუგუშვილმა აღნიშნა, რომ დავით ბეჟუაშვილის გადადგომის მიზეზი არა ეს კონკრეტული შემთხვევა, არამედ უფრო კომპლექსური პრობლემა - ძალოსნობის შიდა სამზარეულოში არსებული არაერთსულოვნებაა.
შიდა სამზარეულოში რომ სიტუაცია კვლავ დაძაბულია, კახიაშვილისა და ნაკრების წევრების პატარა შელაპარაკებამაც გამოაჩინა. ტიტულოვანმა სპორტსმენმა ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ ვანო გრიქუროვისთვის შექმნილი პრობლემები გაიხსენა და ნაკრების იმ წევრებს სთხოვა ფეხზე ადგომა, რომლებიც გრიქუროვის ხელმძღვანელობით ვარჯიშზე უარს აცხადებდნენ. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის სიტყვები სპორტსმენებმა ერთხანს უყურადღებოდ დატოვეს, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნის მერე ჯერ გია მაჭავარიანი წამოდგა, შემდეგ კი რაულ ცირეკიძე, ლაშა ტალახაძე და ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრი.
“ვანო გრიქუროვი მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად მოვფრთხილებოდით, გავუშვით. ჯერ კიდევ ახლადგაპრეზიდენტებულ დავით ბეჟუაშვილს ვთხოვე, რომ გრიქუროვი არ დაგვეკარგა, მაგრამ მითხრა, რომ ამ საკითხს მწვრთნელთა გუნდი გადაწყვეტდა. ძალიან სამწუხაროა” – განაცხადა კახიაშვილმა.
ვიცეპრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხშიც გააკრიტიკა:
“2015 წელს ევროპის ჩემპიონატი თბილისში უნდა გაიმართოს. ბეჟუაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში საუკეთესო ევროპირველობას ჩაატარებდა, მაგრამ ახლა ეს პირობაც დაივიწყა. არადა შეჯიბრებამდე სულ რაღაც ერთი წელიწადი რჩება. სერიოზული დაფიქრება გვმართებს, შევძლებთ კი ასეთი რანგის ტურნირის მიღებას? სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ აჯობებს, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აქედანვე უარი ვთქვათ” – დასძინა კახი კახიაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა გადადგომისთვის ცუდი დრო რომ შეარჩია, რიგგარეშე ყრილობის საპატიო სტუმრებმა: სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც განაცხადეს. ამავე მოსაზრებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც დაეთანხმა. ვეტერანმა სპორტსმენმა წმინდა სპორტულ თემაზეც გააკეთა კომენტარი – დამსწრეთ დაჰპირდა, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის 3 ლიცენზიის მოპოვებას გეგმავს და თუ ამ პირობას ვერ შეასრულებს, თანამდებობას დატოვებს.
აქვე ერთი ინიციატივაც, რომელიც ნაკრების თავკაცმა წამოაყენა. გიორგი ასანიძე დოპინგ-სკანდალის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ქართველი ძალოსნებისთვის სინჯის საქართველოში აღებას ითხოვს, აქაოდა ჩვენ მაქსიმალურად კი გავაკონტროლებთ, მაგრამ სრული გარანტია არ არსებობსო.
დაბოლოს ერთი საინტერესო იდეაც, რომელიც ძალოსნებს ზურაბ კახაბრიშვილმა მიაწოდა და მათაც აიტაცეს – ძალოსნობის ფედერაცია ყოფილ პრეზიდენტს 100 ათასი დოლარის სესხებას სთხოვს. ვალს კი ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებისთვის დაწესებული პრემიალური თანხის აღებისთანავე გაისტუმრებს.