ფეხბურთი

11:59 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ანანიძე სასტარტოში იყო, არველაძემ სტუმრად მოიგო, ხუბუტიას გუნდი გავარდა

პოლონეთის ჩემპიონობას მიუახლოვდა ლადო დვალიშვილის “ლეგია”, რომელმაც 27-ე ტურში შინ 1:0 სძლია პოზნანის “ლეხს”. ეს ფინალის ტოლფასი შეხვედრა იყო, რადგან ვარშაველები 2 ქულით უსწრებდნენ ერთადერთ კონკურენტ “ლეხს”. ახლა კი 5 ქულით გავიდნენ წინ და ძნელად სავარაუდოა, რომ ჰანდიკაპი ბოლო სამ ტურში გაფანტონ.

დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა უკანდაწეული ფორვარდის პოზიციაზე. საკმაოდ აქტიური იყო და ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო.

რუსეთში, მოსკოვის “სპარტაკმა” გასვლაზე 1:0 სძლია “კრასნოდარს”, რომლის განაცხადში კვლავაც არ გახლდათ ნუკრი რევიშვილი. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ის “სპარტაკის” სასტარტოში გახლდათ და 53-ე წუთზე შეცვალეს. “სპარტაკი” მე-5 ადგილზეა.

აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” შინ 1:1 ითამაშა “ტერეკთან” და ოფიციალურად გავარდა პრემიერლიგიდან. ქართველმა მცველმა კვლავაც შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

თურქულ სუპერლიგაში, შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” სტუმრად 2:1 იმარჯვა “ბუიუქშეჰირთან” და მე-5 ადგილზეა, თუმცა კონკურენტებს კვირას სათამაშო აქვთ.

უკრაინული პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში უჩა ლობჟანიძის “კრივბასმა” შინ 3:2 სძლია ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის “კარპატის”. ლობჟანიძემ და დაუშვილმა შეუცვლელად ჩაატარეს შეხვედრა (ბუბამ ყვითელი მიიღო), ხოლო ყენია 62-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლამდე ცოტა დააკლდა – გარღვევის შემდეგ დაარტყა და ოდნავ ააცილა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114442