ფეხბურთი

22:22 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალის მაკრატელათი დაწყებული

დუშან უჰრინის გუნდმა დიდი ანგარიშით სძლია “ზუგდიდს”, რომელიც ბევრს კი ეცადა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ კლიმენტი წიტაიშვილის შეგირდებს ძალიან გაუჭირდებოდათ და ტემპში ვერ აჰყვებოდნენ მასპინძლებს. სანამ ჯაბა დვალი მშვენიერ გოლს გაიტანდა, მანამდე თავური ააცილა და გიორგი მერებაშვილსაც ჰქონდა მომენტი, ოღონდ ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

გოლს რაც შეეხება: კუთხურის შემდეგ არეულობა შეიქმნა, ბურთი დვალს მიუვიდა და მანაც ახლო მანძილიდან მაკრატელათი გაუტანა ზურაბ მამალაძეს. კუთხეში დარტყმული არ ყოფილა, მამალაძე ბურთს ხედავდა, მაგრამ რეაგირება ვერ მოასწრო – 1:0.  

ზუგდიდელებს ასპროცენტიანი მომენტი საერთოდ არ შექმნიათ, თუმცა პირველ და მეორე ნახევარშიც რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. სხვებზე მეტად აქტიურობდა ლუკა გუგუჩია, თუმცა განსაკუთრებული  მანაც ვერაფერი შექმნა. არცაა გასაკვირი: “ზუგდიდს” შეკრება არ გაუვლია, ფინანსურად კლუბს სულ პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში შედარებით დალაგდა სიტუაცია. ბოლო წლებში ზუგდიდიდან წასული ფეხბურთელები რომ ჩამოვთვალოთ და ისინი ერთ გუნდში წარმოვიდგინოთ, დაგვეთანხმებით, მინიმუმ სამეულის გუნდი იქნებოდა.

... მეორე ნახევარშიც ვიხილეთ ლამაზი გოლი, რომელიც დორინ გოგამ მიითვალა: რუმინელმა გიორგი მერებაშვილის გარღვევასა და პასს შეაგება რბილი, ტექნიკური დარტყმა – ეს გოგას პირველი გოლი იყო “დინამოს” მაისურით. რუმინელმა 3:0 გახადა ანგარიში, მანამდე კი სტუმრებს ელგუჯა გრიგალაშვილმა გაუტანა: მამალაძე აშკარად შეცდა, ხელიდან გაუვარდა ბურთი.

კიდევ იყო მომენტები, მაგალითად, გრიგალაშვილის კარგი გარღვევა გოგამ ვერ დაასრულა გოლით (ააცილა), დვალსაც ცოტა დააკლდა დუბლამდე, გივი კვარაცხელიას თავური გამოდგა უზუსტო და კიდევ, მერებაშვილს არ გაატანინა მამალაძემ.

მერებაშვილი მეორე ნახევარში ყველაზე აქტიური იყო, აი, კოტ დივუარელი პატრიკ ვუოსი კი რა გითხრათ – უნიათოდ შევიდა მინდორზე, ორ მომენტში ძალიან ცუდად გაისარჯა. ვერც თვითონ გაჰქონდა და არც პასს იძლეოდა. 

და კიდევ, “დინამოს” კაპიტანი არა გიორგი ლორია, არამედ ლევან ხმალაძე გახლდათ. უჰრინმა მიზეზი პრესკონფერენციაზე თქვა.        

   

მატჩის შემდეგ:

კლიმენტი წიტაიშვილი: “ვულოცავ “დინამოს” მოგებას. ყველამ იცის, რა ისტორიის მქონე კლუბია და ახლაც, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ შეკრება არ გაგვივლია და ეს შეცდომებიც, რაც დღეს დავუშვით, დაღლილობის ბრალია.

... ბევრი იშრომეს ბიჭებმა, იბრძოლეს, მაგრამ ძალა არ ეყოთ. ზუგდიდში ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ და იქნებიან, ასე რომ, იმედია, კარგ გუნდს დავაყენებთ”.

დუშან უჰრინი: “ტოტენჰემთან” და “გურიასთან” წაგებების შემდეგ, ამ მატჩის კარგად ჩატარება იოლი არ იყო. სასიამოვნოა, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ.

... ჩისკო, კვირკველია და ძარია ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. იმედია, ერთ კვირაში სამივეს სეეძლება თამაში.

... ლორია რატომ არ იყო კაპიტანი? ეს მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებაა. ლორიას ბოლო დროს კონცენტრაცია აქვს დაკარგული და ვარჩიე, რომ ხმალაძისთვის გადამეცა სამკლავური. თანაც, ხმალაძე მინდვრის მოთამაშეა და ასე უფრო მისაღებია ჩემთვის. სულ ეს არის”. 

13.09. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”. 1000 მაყურებელი

“დინამო” (თბილისი) – “ზუგდიდი” 3:0 (1:0)

დინამო: ლორია, ხურცილავა, კვარაცხელია, უსტარიჩი, შაშიაშვილი, პაპავა, ხმალაძე, რლგუჯა გრიგალაშვილი (ვუი 76), გოგა (ლექვთაძე 85), მერებაშვილი (სეთურიძე 89), დვალი.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

ზუგდიდი: მამალაძე, კანკია, მირცხულავა, აფაქიძე, ქვარცხავა (ონიანი 67), აქუბარდია (ჰამზა 67), გიორგი ხუბუა, მეგაჰედი, წურწუმია (ეხვაია 56), სიხარულია, გუგუჩია.

მწვრთნელი: კლიმენტი წიტაიშვილი.

გოლები: 1:0 დვალი (26), 2:0 გრიგალაშვილი (50), 3:0 გოგა (66).

გაფრთხილება: უსტარიცი (30).

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

1.          ტორპედო                             4            3       1      0        6:3          10       
2. ჩიხურა 5 3 0 2 10:7 9
3. მერანი 5 3 0 2 7:7 9
4. ვიტ ჯორჯია 5 2 2 1 7:3 8
5. მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
6. დინამო  4 2 1 1 7:4 7
7. სიონი 5 2 1 2 7:5 7
8. დილა 4 2 1 1 6:4 7
9. გურია 5 2 0 3 3:7 6
10. ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
11. ზუგდიდი 5 1 1 3 3:9 4
12. სპარტაკი 4 0 0 4 1:6 0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.502226