კალათბურთი

14:05 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი

 

სან დიეგო ტორეროსმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის საკუთარ კონფერენციაში პირველი მატჩი მოიგო და ამაში დუდა სანაძის წილი უდიდესია. “ლოიოლა მერიმაუნთთან” მოგებულ (74:67) შეხვედრაში ქართველმა უკანახაზელმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

სანაძემ ლიდერის თვისებები კარგად წარმოაჩინა და გადამწყვეტ ეპიზოდში თავის გუნდს დიდი დახმარება გაუწია, რამაც იქონია კიდეც გარდამტეხი ეფექტი.

გასული შეხვედრა სანაძის ამერიკულ კარიერაში საუკეთესოა. მან პირადსარეკორდო 22 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა. დუდამ სასტარტო ხუთულში 24 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო ჩააგდო. სანაძეს 5 ქულა ჰქონდა ჩაგდებული მეორე ტაიმის მე-5 წუთისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 15 წუთში 17 ქულა მიითვალა.

ანგარიში 52:51 იყო სანდიეგოელთა სასარგებლოდ, როცა სანაძემ ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შეტევაზე წამოსულ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და შეტევა ზუსტი გარღვევით დააგვირგვინა, რისი წყალობითაც “ტორეროსი” 57:51 დაწინაურდა.

ქართველმა უკანახაზელმა ამის შემდეგაც ჩააგდო ე.წ. “ენდ ვანი” (ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო), ხოლო მატჩის მიწურულს მასზე აღებული ყველა ტაქტიკური ჯარიმა ქულებად აქცია.

“სან დიეგოში” გამორჩეულად ითამაშა გუნდის გამთამაშებელმა კრისტიან ანდერსენმა, რომელიც კალიფორნიელებს 20 ქულით შეეწია, ხოლო დენის კრამერის ანგარიშზე 14 ქულა და 2 დაფარება დაგროვდა.

“ტორეროსმა” სტუდენტური ლიგის პირობითად პირველი ეტაპი, არასაკონფერენციო გუნდებთან, 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით დაასრულა, ხოლო დეკემბრის ბოლოდან მხოლოდ საკუთარ, “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში დაიწყო ასპარეზობა. 3 მარცხის შემდეგ დღევანდელი გამარჯვება სანდიეგოელებისთვის კონფერენციაში პირველი იყო.

მომდევნო მატჩს “ტორეროსი” 11 იანვარს, შინ “პეპერდაინთან” გამართავს.

www.gbf.ge

0.103445