დუდა სანაძის “სან დიეგომ” კონფერენციის ლიდერი “გონზაგა” დაამარცხა. გუნდს, რომელსაც კონფერენციაში 2 წაგება ჰქონდა და სრულიად სტუდენტური ლიგის გამოკითხვებში 25-ეულში შედის, სანდიეგოელებმა საკუთაარ მოედანზე 69:66 მოუგეს.
მატჩი პირდაპირ ეთერში ESPN 2-ით გადაიცემოდა და ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობდა, სოლიდური ლიდერობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ხნით წინ სანდიეგოელები იყვნენ.
პირველი ტაიმი “სან დიეგომ” 36:34 მოიგო და წარმატებით თამაში მეორეშიც განაგრძო. სანაძე წინა მატჩის მსგავსად სათადარიგო იყო, თუმცა ის კვლავ გამოირჩეოდა და გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო.
სანდიეგოელების მიერ მოხვეჭილი მატჩის ბოლო 7 ქულიდან 5 ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. სანაძემ ბოლოს სულ საჯარიმოებით მოიპოვა ქულები – ჩამორჩენილი გონზაგელები ტაქტიკური პერსონალურებით ცდილობდნენ წაგებისაგან თავის დაძვრენას, რისი საშუალებაც მათ სანაძემ არ მისცა. დუდამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 69:66.
სანაძემ 28 წუთი ითამაშა და საერთო შედეგიანობით თავისიანთაგან საუკეთესო იყო. დუდამ 2-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მისმა თანაგუნდელმა, გუნდის პირველმა მექულე ჯონი დიმ 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯიტო კოკმა და დენის კრამერმა.
“სან დიეგოს” 7 მოგება და 10 მარცხი აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში სანაძის გუნდი 1 მარტს “ბრიგჰემ იანგს” უმასპინძლებს, რომელმაც სხვათა შორის, “გონზაგა” “სან დიეგოსთან” მატჩამდე დაამარცხა. რეგულარულის დასრულების შემდეგ “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის გუნდები თავს ლას ვეგასში მოიყრიან, სადათ ერთ წრეს ითამაშებენ და შემდეგ პლეი ოფში დაწყვილდებიან.
www.gbf.ge