ფეხბურთი

15:25 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბამ ევროპაში გატანა ისევ დაიწყო

დიდიე დროგბამ პარასკევს პირველი მატჩი ჩაატარა თურქული “გალათასარაის” შემადგენლობაში და ორიოდ წუთის შესული იყო მონდორზე, რომ გოლიც გაიტანა. ეს ივუარელის პირველი ევროპული გოლი გახლდათ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ. “გალათასარაიმ” თურქული სუპერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად აუტსაიდერი “აქჰისარ ბელედიესფორი” 2:1 დაამარცხა. “გალა” ახლა გათამაშების ლიდერია და როგორც ჩანს, სერიოზული მიზნებიც აქვს. მწვრთნელი ცნობილი ფათიჰ თერიმია, რომელმაც ამ ზამთარს ჯერ ვესლი სნეიდერი, ახლა კი დროგბაც გადაიბირა, იქვე თამაშობს “შალკეში” ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ჰამით ალთინთოფი, რომელიც შემდეგ “ბაიერნში” და მადრიდის “რეალშიც” კი ირიცხებოდა, ასევე ურუგვაის ნაკრების მეკარე ნესტორ ფერნანდო მუსლერა. ერთი სიტყვით, სერიოზული ფეხბურთელები შეიკრიბნენ.

დროგბამ “ჩელსიში” 8 სეზონი გაატარა და შარშან ზაფხულში როგორც ლეგენდა, ისე დაემშვიდობა გუნდს და სათამაშოდ ჩინეთში გადაბარგდა. თუმცა, ახლახან დამთავრებული აფრიკის ერთა თასის შემდეგ თურქულ “გალათასარაიში” აღმოჩნდა.

0.115375