ფეხბურთი

22:05 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრამა "მიხეილ მესხზე"

გოლები, კონტრშეტევები, კომბინაციები, უხეშობა, თავდადება, დუბლი - ამ ჩამონათვალმა "მიხეილ მესხზე" ბოლნისის "სიონის" და "სამტრედიის" მატჩი აშკარად დაამშვენა.

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში, სამტრედიელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ბევრსაც მოძრაობდნენ, თუმცა რეალურ მომენტს ვერ ქმნიდნენ. ბოლნისელებმა ნელ-ნელა ალღო აუღეს მეტოქეს და მე-13 წუთზე ფოფხაძის პასით, გიორგი ახალაიამ საკმაოდ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. მომდევნო ათი წუთის განმავლობაში "სიონის" ფეხბურთელებს რეალური მომენტები კიდევ ჰქონდათ: ჯერ დავით სირაძემ თავური დარტყმით, ბეგაშვილის კარს მცირედით ააცილა, ხოლო შემდეგ განუგრავას შესრულებული ჯარიმის დროს ბურთი ხარიხას მოხვდა, ისე რომ მეკარე არც განძრეულა.

სამტრედიელები ნელ-ნელა გამოფხიზლდნენ, 26-ე წუთზე დოლიძე ბოლნისელთა მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა, გაბედავას საჯარიმოს სიღრმეში ცოტა არაზუსტი პასი მისცა და ამ უკანასკნელმაც ბურთი სათანადოდ ვერ დაამუშავა.

იმერლების აქტიურობამ შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო, ამჯერადაც დოლიძემ იაქტიურა, მეტოქეს ბურთი მოპარა, მარცხენა ფლანგზე გაბედავა მოძებნა და გიორგიმაც გუნდის კაპიტან ლევან ბაკურაძეს ახლო მანძილიდან დაწინაურების საშუალება მისცა.

მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, "სიონი" გააქტიურდა და სამტრედიელთა მხრიდან უხეშობამაც იმატა. ჯარიმა ჯარიმაზე ინიშნებოდა, როდესაც 52-ე წუთზე საჯარიმოს კიდესთან შეჭრილი სირაძე წააქციეს, მთავარმა არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა და დათოს შელაპარაკებისთვის პირიქით ყვითელი ბარათი მისცა.

ორ წუთშივე შალიკაშვილმა ლობჟანიძე საჯარიმოში წააქცია: შედეგად, სამტრედიელები 10 კაცის ამარა დარჩნენ. თერთმეტმეტრიანი "სიონის" კაპიტან ალექსანდრე გოგობერიშვილს ბეგაშვილმა ნახტომში აუღო და ანგარიში უცვლელი დატოვა.

ყველა ელოდა, კაცნაკლულ "სამტრედიას" "სიონი" აშკარად დაჯაბნიდა, მაგრამ სასწაული გოლი ვიხილეთ. 74-ე წუთზე გრიგოლ დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან, მარჯვენა ფეხის ტერფით ულამაზესი მოჭრილი დარტყმა შეასრულა და საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა.

"სიონს" უკვე უკან დასახევი გზა ნამდვილად აღარ ჰქონდა და ფეხბურთელებიც გააქტიურდნენ, ხოლო სამტრედიელები დაცვაში ჩადგნენ. მატჩის მიწურულისკენ ჯერ ლობჟანიძეს, ხოლო შემდეგ სირაძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მატჩის ბოლოს დრამის რეჟისორად რუსეთიდან ახლახან დაბრუნებული დავით სირაძე მოგვევლინა.

სირაძემ 88-ე და 90-ე წუთებზე თავური დარტყმით დუბლი მიითვალა და თავისიანები წაგებას გადაარჩინა. ბოლნისელები მსაჯის მიერ დამატებული 4 წუთის განმავლობაშიც უტევდნენ, მაგრამ სამტრედიელები დაცვაში ყოჩაღობდნენ.

ამრიგად, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, როგორც სამტრედიელებს, ასევე ბოლნისელებს სანახაობრივი და დრამატული შეხვედრისთვის. მესამე ტურის თავზე, "სიონი" და "სამტრედია" 4-4 ქულით მე-8 და მე-10 ადგილებზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩი იმერლებს "ცხინვალის" წინააღმდეგ ელოდებათ, ხოლო ბოლნისელები "ზესტაფონს" დაუპირისპირდებიან.

 

სიონი - სამტრედია 2:2 (0:1)

24 აგვისტო. თბილისი. "მიხეილ მესხი"

სიონი: ბათიაშვილი, ხიზანეიშვილი, კვარაცხელია, კანდელაკი, ფოფხაძე (უგულავა 45), გოგობერიშვილი (ჭიკაიძე 76), განუგრავა, ცხადაია (გურეშიძე 69), ლობჟანიძე, ისიანი, სირაძე.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

სამტრედია: ბეგაშვილი, კაკუშაძე, თომაშვილი, შალიკაშვილი, ბაკურაძე, დოლიძე (ქანთარია 90+3), კერძევაძე, დათუნაშვილი, გედენიძე (პავლიაშვილი 68), მელქაძე (დვალიშვილი 57), გაბედავა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

გოლი: 0:1 ბაკურაძე (42), 0:2 დოლიძე (74), 1:2, 2:2 სირაძე (88. 90) 

გაფრთხილება: გაბედავა (45), სირაძე (52), ოთარ ხიზანეიშვილი (74)

გაძევება: შალიკაშვილი (56, სამტრედია)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

გიორგი ბალახაძე

0.219967