სეზონის სტარტზე, ბევრი ელოდა, რომ მომდევნო სეზონში მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიაში კონკურენტი აღარ ეყოლებოდა, მაგრამ გუშინდელმა მატჩმა ყოველგვარი ეჭვი გააქრო. საკუთარ კედლებში მოთამაშე “დორტმუნდმა” მიუნხენის “ბაიერნს” დამაჯერებლად სძლია და გერმანიის სუპერთასი ჩაიბარა.
იურგენ კლოპის გუნდი მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა – სვენ ბენდერის დარტყმული მეკარემ უხეიროდ მოიგერია, დამატებაზე კი, მარკო როისმა ივარგა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. გუნდებმა პირველ ტაიმში ეს იკმარეს და შესვენებაზე მინიმალური ანგარიშით გავიდნენ.
სამაგიეროდ, შეხვედრის დასკვნითი ტაიმი ერთობ უხვგოლიანი გამოდგა – “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილმა ქომაგებმა 5 გოლი იხილეს. პეპ გვარდიოლას “ბაიერნმა” აქტიურად დაიწყო და არიენ რობენის თავურით, წონასწორობაც მალევე აღადგინა. მიუხედავად ამისა, დორტმუნდელებმა მალევე იყოჩაღეს და ანგარიში 3:1 გახადეს. 2-წუთიან მონაკვეთში, ჯერ დანიელ ვან ბუიტენმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ კი, ილკაი გუნდოგანმა გამოიჩინა თავი.
“რეკორდმაისტერი” არ დანებებულა და კვლავ აქტიურად უტევდა, რამაც შედეგი 64-ე წუთზე გამოიღო – არიენ რობენი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ამჯერადაც ზუსტად დაარტყა – 3:2.
საბოლოოდ, მატჩის ბედი იმ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომელმაც მიუნხენელთა მარცხს სათავე დაუდო – მარკო როისმა თავისი გუნდის სწრაფი შეტევა დააგვირგვინა გოლით და ტაბლოზე 4:2 “აანთო”.
იურგენ კლოპი (“დორტმუნდი”): “სეზონის ამ სტადიის პირობაზე, ბრწყინვალე ფეხბურთი ვაჩვენეთ. ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. თამაში შესანიშნავი გამოდგა. ვფიქრობ, ნათლად ჩანდა, რომ ორივე გუნდი მოგებისთვის ბოლომდე იბრძოდა. სუპერთასის მატჩი უნიკალურია. ხანდახან, “ბაიერნს” ბუნდესლიგაში ღირსეულ კონკურენციას ვერ ვუწევთ, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში მიუნხენელთა დამარცხება შეგვიძლია”.
პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”): “დორტმუნდმა” მოიგო. აქ მატჩის ანალიზის გასაკეთებლად არ მოვსულვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით – კარგად ვიასპარეზეთ. “დორტმუნდს” გამარჯვებას ვულოცავ. თავს დამარცხებულ გუნდად არ მივიჩნევთ, რადგან მატჩის ბედი ვან ბუიტენისა და შტარკეს შეცდომებმა გადაწყვიტეს. რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთები ხდება. “დორტმუნდმა” 4:2 მოიგო, მაგრამ არა მგონია, ამდენად გვჯობდეს ეს გუნდი. ამ მატჩის ჩანაწერს აუცილებლად ვნახავთ და სწორ დასკვნებსაც გამოვიტანთ. ცხადია, მოგება გვინდოდა, მაგრამ იმ მომენტებში ვერ გავიტანეთ, როცა აუცილებლად უნდა გაგვეტანა”.
დორტმუნდი. “სიგნალ იდუნა პარკი”. 80645 მაყურებელი
დორტმუნდი – ბაიერნი 4:2 (1:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი (ობამეიანგი 72), ბენდერი (კელი 46), გროსკროიცი, გუნდოგანი (პაპასტატოპულოსი 88), როისი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ბაიერნი: შტარკე, ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა, რობენი, კროოსი (დანტე 86), ტიაგო, შაქირი (შვაინშტაიგერი 67), მიულერი, მანჯუკიჩი (პისარო 75).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 1:0 როისი (6), 1:1 რობენი (54), 2:1 ვან ბუიტენი (56ს.კ.), 3:1 გუნდოგანი (57), 4:2 როისი (86), 3:2 რობენი (64), 4:2 როისი (86)
გაფრთხილება: ბოატენგი (90)
კარში დარტყმა: 15 (8) – 15 (9); ჯარიმა: 8 – 14; კუთხური: 2 – 3; თამაშგარე: 2 - 5; ბურთის ფლობა: 39% - 61%; სეივი: 7 – 4