ფეხბურთი

19:07 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დობროვოლსკის შედევრი

გოლი, რომელი “მეტალურგის” ნახევარმცველმა დენის დობროვოლსკიმ “ჩიხურას” კარში გაიტანა, მსოფლიოს ნებისმიერი დონის სანაკრებო თუ საკლუბო ასპარეზობას დაამშვენებდა. გარდა სილამაზისა, ის მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ რუსთაველებს ქულა გადაურჩინა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, რომ რევაზ თევდორაძემ ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა და დობროვოლსკიმ დაახლოებით 45 მეტრიდან ტყავის სფერო ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი “მოჭრილი” დარტყმით “ცხრიანში” გადაგზავნა. ამ ეპიზოდში თევდორაძემ კარში პოზიციის დაკავება დააგვიანა, მაგრამ “მეტალურგის” ფეხბურთელის შორეულ “გასროლას”, ეს ჩრდილს არ აყენებს.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბოლო ტურებში “მეტალურგი” ისე არავის დაუჩაგრავს, როგორც ეს “ჩიხურამ” პირველ ტაიმში შეძლო. შესვენებამდე საჩხერელები დამამთავრებელ ფაზაში უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ქვემო ქართლიდან სამ ქულას წაიღებდნენ. რუსთაველებს ტრავმების გამო, გიორგი ბერიაშვილი და გოგი ფიფია აკლდნენ, ხოლო ლუკა რაზმაძე დისკვალიფიცირებული იყო. სამივე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია და მათი არყოფნა გუნდის თამაშს აშკარად დაეტყო.

მატჩის დაწყებიდან 5 წუთი იყო გასული, რომ ჯაბა ჯიღაურმა მახვილგონივრული პასი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მყოფ ბესიკ დეკანოიძეს მისცა, რომელმაც ბურთი კარგად გასიწორა და ბედიაშვილისგან მარჯვენა კუთხეში ოსტატურად მოჭრა – 0:1.

გოლის გატანიდან ცოტა ხანში, რუსთაველთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დიმიტრი ტატანშვილმა “ცაციათი” შეუჩერებლად არაზუსტად დაარტყა. მალევე, სტუმართა კონტრშეტევის დროს, ტატანაშვილმა გადაცემა არ გაუკეთა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გიორგი გაბედავას და თავად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ კარიდან გამოსულმა ბედიაშვილმა ბურთი აართვა. არადა, ტატანაშვილისა და გაბედავას წინააღმდეგ რუსთაველთა კაპიტანი მიხეილ მახვილაძე მარტო დარჩა და რუსთაველთა ფორვარდს პარტნიორისთვის პასი რომ მიეცა, შესაძლოა სიტუაცია უფრო გამწვავებულიყო.

მე-13 წუთზე, “ჩიხურას” საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ ბურთი ლაშა ჭელიძისა და გიორგი რეხვიაშვილის გარემოცვაში მიიღო, ერთი შეხებით ორივეს თავს ზემოთ გადაუგდო და ვარდნაში ურტყამდა, თუმცა კარიდან გამოსულ ბედიაშვილს ვერ აჯობა. 

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, თევდორაძემ ბურთი “ამოიტანა” და ლევან კაკუბავა თავის საჯარიმოში უხეშად შეცდა, ხოლო ბედიაშვილთან პირისპირ დარჩენილ ტატანაშვილს საჩხერელთა მეკარემ აუღო.

მე-17 წუთზე, გაბედავამ დაახლოებით 30 მეტრიდან “საჯარიმოს” შესრულების დროს  უძლიერესად დაარტყა და ბედიაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია, დეკანოიძის შეუჩერებელი დარტყმის მერე კი, “მეტალურგი” გოლის გაშვებისგან ხარიხამ “იხსნა”.

24-ე წუთზე, დეკანოიძის საუცხოო პასის შემდეგ, მარჯვნიდან რუსთაველთა საჯარიმოში შეჭრილმა ჯიღაურმა კარიდან გამოსულ ბედიაშვილს ვერ აჯობა და პასი შეტევაში ჩართულ დავით ოდიკაძეს მისცა, რომელმაც ბურთი მასპინძელთა კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა გაბედავამ თავით მიზანს ოდნავ ააცილა.

შესვენებაზე სოსო ფრუიძემ ნახევარმცველი ჯიღაური შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო. მისი გასვლის შემდეგ, სტუმრები შუა ხაზში ძველებურად მწყობრად ვეღარ მოქმედებედნენ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ორ მცველს შორის მყოფმა ტატანაშვილმა ბურთი დაიმორჩილა და მარჯვენა ფრთაზე გახსნილი დეკანოიძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმომდე ირბინა და პასი გაბედავას მისცა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმული ბედიაშვილმა მოიგერია. კუთხური მარჯვნიდან ოდიკაძემ შეასრულა და გიორგი რეხვიაშვილის სახიფათო თავურის მერე, ბურთი კაკუბავას ზურგში მოხვდა და მოედანი ისე დატოვა.

57-ე წუთზე კი, დობროვოლსკიმ ანგარიში გაათანაბრა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ულამაზესად დაარტყა. ამის მერე, ინიციატივა ხელთ უკვე “მეტალურგმა” იგდო. მე-60 წუთზე, დავით კირკიტაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი მიზანს ოდნავ აცდა. 68-ე წუთზე, საჩხერელთა მცველმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია და კირკიტაძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან შეუჩერებლად ახლო კუთხეში დაარტყა, თუმცა სტუმრები გოლის გაშვებისგან თევდორაძემ იხსნა.

70-ე წუთზე, ოდიკაძემ კუთხური მარცხნიდან შეასრულა და გაბედავას მიერ თავით ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 76-ე წუთზე, ლევან კორღალიძემ საუცხოო პასით კირკიტაძე შეატოვა თევდორაძეს, მაგრამ მასპინძელთა მარჯვენა ნახევარმცველმა კარიდან გამოსულ მეკარეს გვერდი ვერ აუარა და ბურთი დაკარგა. ამ მომენტში კირკიტაძეს შეეძლო ბურთი გიორგი ჩირგაძესთვისაც გადაეწოდებინა, რომელსაც არავინ მეურვეობდა.

86-ე წუთზე, გურამ გურეშიძემ ბურთი “ჩიხურას” საჯარიმოში “გახსნილ” რევაზ გეწაძეს “შეაყოლა”, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ იყოჩაღა.

სოსო ფრუიძე: “არ შემიძლია არ ვისაუბრო მოედნის ცუდ მდგომარეობაზე. ამ მოედანზე თამაში არ შეიძლება. ის პრობლემას ადგილობრივ გუნდსაც შეუქმნის. მასზე ერთხელ თამაშს, ბუნებრივსაფარიან მოედანზე 3-4 მატჩის ჩატარება სჯობს. რთული შეხვედრა იყო. თავიდან ფრეც ხელს გვაძლევდა და პირველ ტაიმში შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე შესაძლოა მოგვეგო. თუმცა, შესაძლოა წაგვეგო კიდეც. “მეტალურგი” კარგი მოძრავი გუნდია და მეორე ტაიმში მოძრაობაში გვაჯობა. მადლობა ჩემს ბიჭებს”.

გელა სანაია: “მოედნის საფარის თემას მეც შევეხები და ვეთანხმები ჩემს კოლეგას. ასეთ მოედანზე თამაში ძალიან ძნელია. ჩვენთვის ორმაგად არადამაკმაყოფილებელი სიტუაციაა, რადგან ამ მოედანზე ვვარჯიშობთ და ამის გამო, ფეხბურთელების ტრავმებით გამოწვეული საკადრო პრობლემები შეგვექმნა. ლამის ყოველ ვარჯიშზე თითო კაცი გვაკლდება. პირველ ტაიმში უპირატესობა “ჩიხურას” ჰქონდა, მაგრამ მეორეში ჩვენმა გუნდმა მობილიზება მოახდინა. ფრე ლოგიკური იყო. დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს. იმედია, მომავალი სეზონიდან მოედნის ახალი საფარი გვექნება ”.

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)

24 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, კაკუბავა, ორბელაძე, გურამ გურეშიძე, გეწაძე, დობროვოლსკი (ვასაძე, 82), კირკიტაძე, ტუღუში (კორღალიძე, 54), სიხარულიძე (ჩირგაძე, 68).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, ოდიკაძე, რეხვიაშვილი, შოთა კაშია, ბეჭვაია, გიორგი დათუნაიშვილი, ჯიღაური (ქიმაძე, 46), დეკანოიძე, გაბედავა, ტატანაშვილი (კვასხვაძე, 80).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გოლები: 0:1 დეკანოიძე (5), 1:1 დობროვოლსკი (57).

გაფრთხილება: დობროვოლსკი (43), გაბედავა (62), მახვილაძე (89).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

0.261017