უკრაინულმა “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე გამოდიან, ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში ესტონეთის “კალიუ” სტუმრად 3:1 დაამარცხა და ჯგუფში მოხვედრა პრაქტიკულად გაიანაღდა.
განვლილ მატჩში “დნიპროს” ქართველი ლეგიონერებიდან კანკავამ სრულად ითამაშა, ხოლო კობახიძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. ლობჟანიძე 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა.
“დნიპრომ” ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, როდესაც ევგენი სელეზნიოვმა პენალტი ზუსტად შეასრულა. 36-ე წუთზე ჯულიანომ მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 53-ეზე რომან ზოზულიამ ანგარიში გაასამა. ესტონელებმა ანგარიშში სხვაობა 54-ე წუთზე შეამცირეს - თავი იანარ ტოომეტმა გამოიჩინა.
აგდამის “ყარაბაღმა”, რომლის ღირსებასაც ნიკა გელაშვილი იცავს, საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის “აინტრახტთან” 0:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. აზერბაიჯანული კლუბი გათამაშებას ფაქტობრივად გამოეთიშა, რადგან გერმანიაში სასურველი ანგარიშით გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.
ყაზანის “რუბინმა”, სადაც სოლომონ კვირკველია ირიცხება, გასვლაზე ნორვეგიის “მოლდეს” 2:0 აჯობა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “რუბინმაც” ჯგუფში მოხვედრა პრაქტიკულად გაინაღდა.
ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, სერბეთის “ვოივოდინასთან” სტუმრად 1:1 ითამაშა. “შერიფს” კარგი შანსი აქვს, რომ არსებობის ისტორიაში ევროპის ლიგის ჯგუფში მესამედ მოხვდეს.