ტურინის “იუვენტუსის” შემტევები სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი გუნდს მიუნხენში გაჰყვნენ, მაგრამ “ბაიერნის” წინააღმდეგ მათი თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“იუვენტუსი”, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური თამაშის გასამართად, მიუნხენში დღეს საღამოს გაფრინდა. გუნდს გერმანიაში გაჰყვნენ ჯოვინკო და ვუჩინიჩი, რომლებსაც დილის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მირკო ვუჩინიჩმა სერია A-ს გასულ ტურში, “ინტერის” წინააღმდეგ, გრიპის გამო ვერ ითამაშა. ჯოვინკომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა კი მიიღო, მაგრამ ბოლო წუთზე, მას კამბიასო ძალიან უხეშად ეთამაშა და შედეგად, 26 წლის შემტევი ნახევარმცველის “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში საეჭვოა.