ფეხბურთი

11:02 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი: “პიანიჩის ბლოკირებას ვცდილობდი, უხეშობა თავში არ გამივლია”

ტურინის “იუვენტუსის” 29 წლის მცველი ჩეზარე პრანდელიმ “სკუადრა აძურას” სამუნდიალე განაცხადში შეიყვანა, მანამდე კი მან გუნდთან ერთად მორიგი სკუდეტოს დაუფლება იზეიმა. “რომასთან” გასვლაზე 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ იტალიის სპორტულმა სასამართლომ კიელინის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ჯორჯოსთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით დაიწყო.

- რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ თქვენთვის დაკისრებულ სამმატჩიან დისკვალიფიკაციას?

- პიანიჩის ბლოკირებას ვცდილობდი, უხეშობა თავში არ გამივლია. მირალემს მოვუბოდიშე და ჩვენ შორის კონფლიქტი ამოწურულია. მისთვის დარტყმის მიყენება არ მინდოდა, უბრალოდ კედლიდან გამორბენისთვის ხელის შეშლა მსურდა.

- ჩემპიონატის რომელ მომენტში დარწმუნდით, “იუვენტუსი” ჩემპიონი რომ გახდებოდა?

- კარგა ხნის განმავლობაში “რომასაც” სკუდეტოს მოგების შანსი ჰქონდა, ამიტომაც თავისთვის მოდუნების უფლება არ მიგვიცია. გადამწყვეტი “ჯენოასთან” მოგება, როდესაც ანდრეა პირლომ ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა და “უდინეზესთან“ გამარჯვება გამოდგა.

- თქვენთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მომენტია?

- საკვანძო მატჩი ტურინში “რომასთან” ჩატარებული დაპირისპირება გახლდათ. ეს სერია A-ს მეთვრამეტე ტური გახლდათ. იმ მომენტისთვის რომაელები 5 ქულით ჩამოგვრჩებოდნენ, წარმატებული პერიოდი ჰქონდათ და ტურინშიც წასაგებად ჩამოსულები არ იყვნენ. მათი განწყობის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად, 3:0 მოვიგეთ და საკუთარი ამბიცია, ძალა დავამტკიცეთ.

- ცოტა ხნის წინათ “ბიანკონერის” შემადგენლობაში ჩატარებულ 300 მატჩიან ზღვარს გადაცილდით. რომელ შეხვედრას გამოარჩევთ “იუვენტუსის” მაისურათი გამართული ასპარეზობებიდან?

- ასეთი საკმარისზე მეტია, მაგრამ ყველაზე მეტად 2 მათგანს გამოვყოფდი. ერთი მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული მოგებაა. მაშინ ჩვენი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი იყო. გეხსომებათ, “კალჩოპოლის” გამო ჩვენი კლუბი სერიოზულად დასაჯეს და “იუვენტუსისგან” მოგებას ბევრი არ ელოდა. გამოვარჩევდი “კალიარისთან” მოგებასაც, რამაც საშუალება მოგვცა სეზონი წაუგებლად ჩაგვემთავრებინა.

0.115961