საქართველოს ეროვნული სახელბურთო ნაკრების მწვრთნელი, სერბი ჯორჯე რაშიჩი ხელბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს. ახალ ხელშეკრულებას წლინახევრით მოეწერება ხელი. რაშიჩი, ეროვნულის გარდა, ყველა ნაკრები გუნდის მზადებაში ჩაერთვება და კოორდინაციას გაუწევს.
ჯორჯე რაშიჩი: “როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, ფედერაციის პრეზიდენტმა მიზნად დამისახა სამი საშინაო თამაშის მოგება. ეს შევასრულეთ, მეორე ადგილი დავიკავეთ და კმაყოფილი ვარ. მეტისთვის დრო არ გვქონდა. ჩვენ ფაქტიურად ნულიდან დავიწყეთ, ახლა კი დრო საკმარისად გვექნება, რათა გუნდი უფრო მაღალ დონეზე გავიდეს.
ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ, ფინეთთან ბოლო თამაშია, მაგრამ აქ თავისი როლი ითამაშა იმან, რომ ნახევარი გუნდი ვირუსით იყო ავად. სტუმრად სამივე თამაში წავაგეთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ამ პრობლემასაც მოევლება. მთავარია, გუნდი უფრო ხშირად იყოს ერთად.
ნაკრებში რამდენიმე პრობლემატური პოზიცია გვაქვს – ესაა ხაზის მოთამაშე, გამთამაშებელი და მარცხენა გარემარბი. მე 1 მარტიდან თბილისში ვიცხოვრებ, დავესწრები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, მონაწილეობას მივიღებ ასაკობრივი ნაკრებების მზადებაში და ვფიქრობ, ამ პოზიციებს გავაძლიერებთ. ჩემი კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე გაფორმდება – ზუსტად თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე
30 ოქტომბერი 2013. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო – ფინეთი 26:19
2 იანვარი, 2014. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23
4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი 33:26
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა 26:23, თურქეთი – ფინეთი 25:19
11 იანვარი. ფინეთი – საქართველო 36:24. 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი 32:26
ლიტვა 9 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - რატი მსხვილიძე 42 გოლი, ვლადიმერ რუსია 24, რევაზ ჭანტურია 23, სერგო დათუკაშვილი 19, ირაკლი ჩიქოვანი 17, გიორგი გვაზავა 8, უჩა გამზარდია 8, აკაკი ტალახაძე 4, ილია გოგალაძე 2, უჩა მაისურაძე 1, ზურაბ აბრამიშვილი 1, ოთარ ამირანაშვილი, ზურაბ სიმონია, თემურ ორჯონიკიძე, ლექსო წითელიშვილი, ლევან ბერძენიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რაშიჩი.
მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე.
ექიმი: ლევან ლინნიკი.
www.geohandball.ge