ჩოგბურთი

19:10 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს “იტალიური ბარიერი” ელის

 ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. სადღეისოდ რეიტინგის მეორე ნომერმა სერბმა დღეს უზბეკეთის სახელით მოასპარეზე დენის ისტომინს 6:3, 6:3, 7:5 მოუგო და მერვედფინალში იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება.

26 წლის ნოვაკმა კლასიფიკაციაში 49-ე საფეხურზე მდგომ ისტომინს ორსაათიანი ორთაბრძოლის შედეგად სძლია. ჯოკოვიჩის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 6 ეისია, მისი ისტომინთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 4:0 გახდა.

“ჩემი თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ. მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას ასპარეზობას თანდათან ვაუმჯობესებ. მნიშვნელოვანია, ყველა მეტოქესთან თამაშს ერთნაირი პასუხისმგებლობით მივუდგე”, - განაცხადა “ნოლემ” ისტომინის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ.

ჯოკოვიჩის მომდევნო ოპონენტი ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში 15-ე ნომრად განთესილი იტალიელი ფაბიო ფონინია. ნოვაკის თანატოლმა აპენინელმა მესამე წრეში ამერიკელ სემ კუერის 7:5, 6:4, 6:4 აჯობა.

0.113992