ჩოგბურთი

21:53 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეორედ მოიგო

 27 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თითქმის ოთხსაათიან ფინალში სადიდსლემო ტურნირების სარეკორდოდ, 17-გზის მომგებ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 6:7, 6:4, 7:6, 5:7, 6:4 მოუგო და თავად მეორედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. წლევანდელ შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი “ნოლე” ამ ტრიუმფის წყალობით მსოფლიოს კლასიფიკაციაში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდება.

ფედერერმა პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო, შემდეგ ჯოკოვიჩი დაწინაურდა, მაგრამ როჯერმა გადამწყვეტი მატჩი მეხუთე სეტში გადაიყვანა, რომელშიც ბალკანელი უკეთ გამოიყურებოდა. ნოვაკის აქტივში 13 ეისია, ფედერერმა კი ამ ელემენტში 29-ჯერ იმარჯვა. ჯოკოვიჩმა ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 17:18.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეშვიდედ იმარჯვა სადიდსლემო ტურნირზე (ორჯერ უიმბლდონზე, ოთხჯერ ავსტრალიის, ერთხელაც აშშ-ის ღია პირველობებზე), დღევანდელი ფინალის მოგება კი სერბს 1760000 გირვანქას და 2000 სარეიტინგო ქულას მოუტანს.

დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე ჯოკოვიჩმა ფინალის მონაწილე ფედერერს კარგი თამაში მიულოცა, დაადასტურა, რომ შვეიცარიელს მოგების შანსი ჰქონდა. ნოვაკმა განაცხადა, რომ მისთვის უიმბლდონის წლევანდელი მოგება პირველზე უფრო საპატიო და სასიხარულოა. დღევანდელი გამარჯვება სერბმა ოჯახს, სამწვრთნელო შტაბს და პირველ დამრიგებელს მარიანო ვაიდას მიუძღვა.

0.12261