რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის BNP Paribas Masters-ის ფინალში დავიდ ფერერს 7:5, 7:5 მოუგო და კარიერის განმავლობაში თავისი 40-ე ტიტული მოიპოვა. ამასთან 26 წლის სერბმა მასტერზის სერიის ტურნირების მეორასე მატჩში იმარჯვა და პროფესიულ ჩოგბურთში 15-ე მოთამაშე გახდა, რომელმაც 40 და მეტი შეჯიბრება მოიგო.
“ნოლესა” და 31 წლის ვალენსიელი ფერერის შეხვედრა პრაქტიკულად თანაბარ ორთაბრძოლაში ჩატარდა. ჯოკოვიჩმა 8-დან 4 ბრეიკ-პოინტის რეალიზაცია მოახდინა, ფერერმა ექვსიდან ორის. ნოვაკის ანგარიშზე 4 ეისია, ხოლო ნოვაკისა და დავიდის ურთიერთდაპირისპირებათა ბალანსი 11:6 გახდა ბალკანელის სასარგებლოდ.
პარიზში მოპოვებული წარმატების შედეგად ჯოკოვიჩი საპრიზო თანხის სახით 522100 ევროს და ათას სარეიტინგო ქულას მიიღებს.
დავიდ ფერერს რაც შეეხება, პირენელმა ზედიზედ მეშვიდე ფინალი წააგო. შეგახსენებთ სეზონის სტარტზე მან ოკლენდსა და ბუენოს აირესში იმარჯვა, შემდეგ კი მიჯრით 7 გადამწყვეტი მატჩი (აკაპულკოში, მაიამიში, ეშტორილში, საფრანგეთის ღია პირველობაზე, სტოკჰოლმში, ვალენსიასა და პარიზში) დათმო.