ჩოგბურთი

14:43 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის ჩინური და 38-ე ტიტული

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა China Open-ის საჩემპიონო ტიტული დამაჯერებლად დაიცვა, ფინალში დიდი უპირატესობით მოუგო აწ უკვე რეიტინგსიის პირველ ნომერ რაფა ნადალს 6:3, 6:4 და ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრებაზე კვლავინდებურად დაუმარცხებელია. “ნოლემ” 2009, 2010, 2012 და 2013 წლებში იასპარეზა პეკინში და ყოველთვის საჩემპიონო ტიტულს იხვეჭდა.

რაფა ნადალს რაც შეეხება, დღეს იგი სუსტად გამოიყურებოდა და მიმდინარე სეზონში ჰარდსაფარიან კორტზე პირველი მარცხი (აქამდე მიჯრით 27 მატჩი ჰქონდა მოგებული) იწვნია.   

დღევანდელი ფინალი საათსა და 27 წუთს გაგრძელდა, მისი მოგებით ჯოკოვიჩმა კარიერის 38-ე ტურნირი მოიგო, წლეულს კი მეოთხე შეჯიბრებაზე იმარჯვა. პეკინში რაფა და ნოვაკი ერთმანეთის პირისპირ 38-ედ წარსდგნენ და უპირატესობა ესპანელის მხარესაა – 22:16. ამასთან, ჰარდზე დაპირისპირებისას ჯოკოვიჩი ნადალს 12:7-ს უგებს. დღევანდლამდე მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერები ბოლოს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში შეხვდნენ და ნიუ იორკში რაფამ 4 სეტით მოახერხა ნოვაკის ძლევა.

ფინალის დასრულების შემდეგ ნადალმა გულწრფელად აღიარა, დღეს ჯოკოვიჩი მჯობდა და ალალად მომიგოო, გახარებულმა ნოვაკმა კი თავისი სიტყვა ჩინური მისალმებითა და მადლობით დაასრულა, რითაც ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელი გაამხიარულა.

 

0.114463