კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე ნახევარფინალისტები გაირკვნენ. მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3, 6:1 დაამარცხა აფროფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა (8) და ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 10:5 გახადა.
ჯოკოვიჩმა 4 ეისი და 8 ეისი შეასრულა, ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვცდილობდი ყურადღებით მეთამაშა და საკუთარი თვისებები სრულად გამომევლინა. ეს შევძელი და კმაყოფი ვარ. გადამწყვეტ მომენტებში მეტოქის თამაშში “დაბრუნების” შანსი არ მივეცი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი მატჩის მსვლელობისას ფსიქოლოგიური მდგრადობა გამოვავლინე”.
“ნოლესგან” განსხვავებით, ცონგა უხასიათოდ იყო და თქვა, ნოვაკთან თამაშისას არაფერი გამომდიოდაო. “უამრავი შეცდომა დავუშვი. ბურთს კორტს მიღმა ვუშვებდი. ერთი სიტყვით, დანავსული გახლდით”, - დასძინა ფრანგმა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ტოპხუთეულის წარმომადგენელთან ცონგამ ბოლოს 2011 წლის ნოემბერში იმარჯვა (ნადალს მოუგო), შემდეგ კი უძლიერესი კვინტეტის წევრთან მიჯრით 11 მატჩი დათმო.
ნახევარფინალშია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროც (7). მან რეიტინგსიის მესამე ნომერს ენდი მარეის სამსეტიან პაექრობაში 6:7, 6:3, 6:1 სძლია. “თითქოს ურიგოდ არ მითამაშია. პირველ სეტში კარგადაც გამოვიყურებოდი, მაგრამ მომდევნო პარტიებში წარმატებას ვერ მივარწიე. მეორე სეტში მოგების შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. ხუან მარტინი მშვენივრად თამაშობდა – მან ხომ ბოლო დროს ბევრ გამარჯვებას მიაღწია. მეორე და მესამე სეტების საკვანძო მომენტებში იგი მოწოდების სიმაღლეზე იყო”, - განაცხადა 25 წლის შოტლანდიელმა მეოთხედფინალის წაგების შემდეგ.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
რაფა ნადალი (ესპანეთი) – ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
ნახევარფინალები ჩვენი დროით 16 მარტს, გვიან ღამით ჩატარდება