ფეხბურთი

12:47 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯიქიამ სომხეთში გაიტანა, ძალამიძემ და ფოფხაძემ პოლონეთში მოიგეს

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-8 ტურში, თავი გამოიჩინა “განძასარის” ფორვარდმა შოთა ჯიქიამ. “განძასარმა” მოქმედი ჩემპიონი “შირაქი” მიიღო და 2:0 აჯობა. მასპინძელთა გამარჯვებას სათავე ქართველმა ლეგიონერმა დაუდო, რომელმაც ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშა. “განძასარს” 16 ქულა აქვს და 8-გუნდიან სუპერლიგაში მე-2 ადგილზეა.

“ულისესმა” სტუმრად “ალაშკერტს” 2:1 მოუგო. თენგიზ უგრეხელიძე გამარჯვებულთა სათადარიგოებს შორი იყო, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცეს. “ულისესს” 9 ქულა აქვს და მეშვიდეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-14 ტურში, “იაგელონიამ”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე გამოდიან, თავის მოედანზე პოზნანის “ლეხს” 2:0 მოუგო.

ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ფოფხაძემ სრულად ითამაშა, ხოლო ძალამიძე 69-ე წუთზე შეცვალეს. “იაგელონიას” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-10 ადგილზეა.

თურქეთის თასის პირველი ეტაპი დასძლია “ქაისერისფორმა” , რომელსაც ტრავმამოშუშებული ზურაბ ხიზანიშვილი დაუბრუნდა. “ქაისერმა” საკუთარ მოედანზე ქვედალიგელ “ქაჰრამანმარაშს” 2:0 აჯობა. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის თასის 1/16-ფინალს გამოეთიშა მახაჩყალის “ანჟის”, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს. მახაჩყალელები სტუმრად ვლადიკავკაზის “ალანიასთან”, რომელშიც ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ირიცხებიან, მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდენენ. გრიგალავა “ანჟის” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ტრავმირებული მარცვალაძე და ხოჯავა “ალანიას” სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდნენ.

თასის შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია სამარას “კრილია სოვეტოვმა”, რომელიც გასვლაზე სარატოვის “სოკოლთან” დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სარატოველებმა 3:1 გაიმარჯვეს. ამისულაშვილი სამარელებს არ ახლდა, რადგან ექიმებისგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში აკრძალული აქვს.

 ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” შინ გროზნოს “ტერეკთან” 1:4 წააგო და 1/8-ფინალში ვერ გააღწია. მერაბ ურიდია მასპინძელთა შემადგენლობაში 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.


 

0.105834