ფეხბურთი

10:35 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: “კარიერის ორი ეპიზოდის გამო ახლაც მრცხვენია”

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ, რომელიც უმთავრესად თავისი ხასიათით იყო ცნობილი, ტიო-ს ინტერვიუ მისცა და მილანურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

-       თქვენს კარიერაში მრავლად იყვნენ მწვრთნელები. რომელი შთაგაგონებდათ ყველაზე მეტად?

-       ანჩელოტი, ძაკერონი, ლიპი, ბევრს შემოჰქონდა საინტერესო საფეხბურთო იდეები. მაგრამ თუ საკითხი ხასიათზე მიდგება, საკუთარი ყველას მირჩევნია. ეს ისაა, რასაც ვერ დააკოპირებ: ის ან გაქვს, ან არ გაქვს. თანმიმდევრული უნდა იყო. არ შეიძლება ბავშვს უთხრა - არ მოწიო და მერე თავად იარო კბილებში სიგარეტგაჩრილმა. თუ მსგავსი რამ მოხდება, ნდობა შეგიძლია დაივიწყო.

-       არის ისეთი ვინმე, ვისთანაც ყველაზე მეტად იყავით დაკავშირებული?

-       თუ მაინცდამაინც სახელი გჭირდებათ, ასეთი კარლო ანჩელოტია. როდესაც “მილანში” ვიყავით, ის ყველას მამასავით გვექცეოდა. თუ ვინმეს პრობლემები ექმნებოდა ცოლთან, ან სხვა რაიმე უსიამოვნება შეემთხვეოდა, ოფისში იბარებდა, მხარზე ხელს დაადებდა და ეუბნებოდა: “დღეს შენ არ ვარჯიშობ და საკუთარ პრობლემებს აგვარებ”.

-       რა არის თქვენთვის “მილანი”?

-       ოცნება, რომელიც ჩემთვის 13 წელიწადი გაგრძელდა. მოედანზე თავს არა მხოლოდ კაპიტნად, არამედ ულტრასების ლიდერადაც ვგრძნობდი. მწვერვალზე ვიყავი. ახლაც კი, Milan Channel-ის ჟურნალისტებთან მაგრად ვნერვიულობ, რადგან ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. “სიონშიც” მინდოდა ჩემი კვალი დამეტოვებინა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მხოლოდ იქ მყოფებმა იციან, რისი გამოვლა მოგვიხდა.

-       კარიერის განმავლობაში უამრავი წარმატება გქონდათ, მაგრამ იყო უსიამოვნო ეპიზოდებიც...

-       ყველაზე ხშირად ჯო ჯორდანთან კამათის ეპიზოდს იხსენებენ (“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და ლეონარდოსთან დაკავშირებულ ამბავს (რომელიც “მილანიდან” “ინტერში” გადავიდა). ეს ორი ეპიზოდი ყველაზე სამარცხვინოა ჩემი “მილანში” ყოფნის პერიოდში.

-       ორი ეპიზოდი კარიერის კარიერის განმავლობაში არც ისე ბევრია...

-       შესაძლოა, მაგრამ ეს იდიოტური ქმედებები მაინც ჩავიდინე.

-       გატუზოს უფრო მეტად იცნობენ როგორც ადამიანს, ვიდრე ფეხბურთელს...

-       უბრალოდ, იმას ვაკეთებ რასაც ვგრძნობ. არაფერი პირადული. ვამაყობ ჩემი ფესვებით და წინაპრების გზას ვაგრძელებ. ამასთან, ვცდილობ ბავშვებს საუკეთესო მივცე: სკიავონაში, ჩემ მშობლიურ ქალაქში, გავხსენი საფეხბურთო სკოლა და იქ 150 ბავშვი სწავლობს. ავაშენე სტადიონი და დავაარსე საქველმოქმედო ფონდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117608