საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საოცარი შედეგი დააფიქსირა. “ბარსელონას” ამერიკელმა ლეგიონერმა “ვალიადოლიდთან” გასვლით შეხვედრაში 42 (!) ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი 111:66 იმარჯვა.
პულენი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 22:50 წუთში კი 2-დან 1 ორქულიანი, 15-დან 12 სამქულიანი (!) და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, აღნიშნულ მონაგარს კი 3 მოხსნა და 3 პასიც წაამატა.
ჯეიკობის თამაშში ყოფნის დროს კატალონიურმა გრანდმა მეტოქეზე 32 ქულით მეტი ჩააგდო, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 42 იყო, რითაც მას ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული გარანტირებული აქვს.
აღსანიშნავია, რომ პულენის მონაგარი რეკორდული ესპანური AჩB ლიგისთვის. ჯეიკობმა დაამხო ლეგენდარული ბრაზილიელის ოსკარ შმიდტის რეკორდი, რომელმაც 1994 წელს 19-დან 11 სამქულიანი გამოიყენა და მისმა მიღწევამ ლამის ოც წელს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ კი, 7294 დღეს გასძლო.
ცნობისთვის, პულენს უკანასკნელი მეოთხედის წინ “მხოლოდ” 5 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, ბოლო ათწუთეულში კი 9-დან 7 ცდა გამოიყენა. ისიც საინტერესოა, რომ ჯამში “ბარსელონამ” 18 სამქულიანი მიითვალა და საკლუბო რეკორდი ერთით გააუმჯობესა, ესპანური ლიგისთვის საუკეთესო მაჩვენებელი – 20 ზუსტი სამქულიანი კი “ხუვენტუტს” ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ პულენი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იცავდა, ქართველ გულშემატკივარს კი იგი ყველაზე მეტად ლატვიასთან საშინაო მატჩით უნდა ახსოვდეს. იმ თამაშის ბოლო წამებზე ჯეიკობმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ბილბაო ბასკეტს” ესტუმრა და 82:79 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, სევილიელებს კი გამარჯვება ჩეხი ტომაშ სატორანსკის მიერ საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებულმა სამქულიანმა მოუტანა.
http://www.youtube.com/watch?v=Uh_I2A_u_TU&feature=youtu.be