“დნიპროს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქართველმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრებს საფრანგეთზე ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს. როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ფლეი-ოფში ერთ-ერთ წყვილს უკრაინა-საფრანგეთი შეადგენს და “მამლების” თავკაცი დიდიე დეშამი საკმაოდ ფრთხილ კომენტარებს აკეთებს.
კანკავამ “დნიპროს” საიტთან საუბარში ისაუბრა მოახლოებულ მატჩებზე:
- რამდენად რთული მატჩები ჰქონდა საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან?
- საფრანგეთთან თამაში შესაძლებელია. ეს არაა ესპანეთი, რომელთანაც, ფაქტობრივად, შანსი არ გვქონია. ესპანელებთან მატჩისას ეს თავიდანვე ვიგრძენით – მივხვდით, რომ მათ საწინააღმდეგოდ რაიმეს შექმნა რთული იქნებოდა. აი, “სამფეროვნებთან” კი ვგრძნობიდით, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. ეჭვგარეშეა, რომ ფრანგები ესპანელებს კლასით ჩამოუვარდებიან.
- ფრანგებმა თქვენთან შინ და სტუმრად განსხვავებულად ითამაშეს?
- თბილისში სხვაგვარი განწყობით ჩამოვიდნენ: მათ უკვე განაღდებული ჰქონდათ მეორე ადგილზე გასვლა. ვერ ვიტყვი, რომ რამე დააკლეს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, უკრაინასთან კიევში სამმაგი ენერგიით ითამაშებენ. ფრანგების წინააღმდეგ თბილისში კარგად ვიცავდით თავს, ორი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ: ერთხელ მეკარემ გადაარჩინათ, ერთხელაც – ძელმა. ბოლო 10 წუთში მოუმატეს ფრანგებმა. პრინციპში, ასე იყო პარიზულ მატჩშიც.
- “სამფეროვნებიდან” რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- გუნდის თამაში რიბერის მიჰყავს. რთული იყო ჟირუსა და ბენზემას წინააღმდეგ მოქმედება. ბენზემა ძალიან მაღალი კლასისაა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ არც პარიზში გაატანინა და არც თბილისში. ძლიერი მხარეების გარდა, სუსტზეც უნდა ვთქვა: საფრანგეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველები შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ. ჩემი აზრით, რუსლან როტანი ფრანგ თანაამპლუელეს სჯობს.
- რას ურჩევდით და რას უსურვებდით უკრაინის ნაკრებს საფრანგეთთან?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი: საფრანგეთთან თამაში შეიძლება. ვფიქრობ, ნახევარდაცვა უკრაინას უფრო ძლიერი ჰყავს, ასე რომ, ლორისის კარში გოლის გატანა რეალურად შესაძლებელია, რასაც ვუსურვებ კიდეც უკრაინის ნაკრებს.