წინა ტურში გორის “დილასთან” შინ ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ თბილისის “დინამოს” კიდევ ერთხელ წაეფორხილებინა და ერთ-ერთ აუტსაიდერ “სპარტაკთან” ქულები დაეკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა დუშან უჰრინის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა და ეს სტატუსი სრულად გაამართლა. მატჩის ბედი როგორც პირველი, ასევე, მეორე ტაიმის დასაწყისებში გატანილმა სწრაფმა გოლებმა გადაწყვიტა. ესპანელმა ჩისკომ საქართველოს ჩემპიონატში მორიგი დუბლი მიითვალა. ასევე, აღსანიშნავია მაკედონიელი დარკო გლიშიჩის სამი საგოლე პასი. გარდა ამისა, “დინამოში” დებიუტი ჰქონდა საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველს გიორგი პაპუნაშვილს.
იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ “სპარტაკი” მეტოქეს უბრძოლველად დანებდა. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ “დინამოს” უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა.
თბილისელებმა ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან გიორგი სეთურიძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ყველას გადაცდა და მარცხენა ფრთაზე მყოფ გლიშიჩს მიუვიდა, რომლის გამჭოლი პასის შემდეგ, პატრიკ ვუომ, “სპარტაკის” კარის სიახლოვეს მცველებს ძალისმიერი ბრძოლა მოუგო და შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 0:1.
“დინამოს” უპირატესობის გაზრდა მალევე შეეძლო, როდესაც მარცხნიდან შეტევაში ჩართულმა კვირკველიამ “სპარტაკის” საჯარიმოში ჩისკო მოძებნა, ხოლო ესპანელმა ნახტომში თავით დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხნის შემდეგ, თემურ შონიამ შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა და მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი გიორგი ლორიამ ნახტომში პირით ხაზს იქით უკუაგდო. ცხინვალელებმა კუთხური მარჯვენა ფლანგიდან მოაწოდეს და მასპინძლები აპელირებდნენ, რომ მეტოქესთან ორთაბრძოლისას ერთ-ერთმა “დინამოელმა” ხელით ითამაშა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. თუმცა, “სპარტაკის” შეტევა გაგრძელდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ლევან ქურდაძის მიერ დარტყმული ბურთი ლორიამ ისევ კუთხურზე მოიგერია.
მე-14 წუთზე, ლორიას ბურთი თამაშში შეყავდა, მაგრამ ამ დროს უკნიდან ზვიად მეტრეველი წამოეპარა და როდესაც მეკარე უკვე ფეხის დარტყმას აპირებდა, “სპარტაკელმა” ტყავის სფერო ერთი ეხებით აართვა და კარისკენ ზურგით მდგომმა ზუსტად დაარტყა. თუმცა, მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ მეტრეველის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. “მსოფლიო სპორტს” მატჩზე მყოფმა მსაჯთა დამკვირვებელმა მერაბ მალაღურაძემ განუცხადა, რომ ნინუას გოლი უნდა ჩაეთვალა. თუმცა, ეს სადავო ეპიზოდი ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების სხდომაზე გაირჩევა, რის შემდეგ, გაირკვევა იყო გოლი თუ არა.
მე-20 წუთზე, ჩისკოს უნდა გაეტანა, მაგრამ დორინ გოგას კარგი პასის მერე, კარიდან გამოსულ სოსლან ნანიევს ბურთი თავს ზემოთ ვერ გადაუგდო. საპასუხო შეტევაში შონიამ საშუალო მანძილიდან ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
34-ე წუთზე, “დინამოს” კონტრშეტევის დროს, ჩისკომ კოტდივუარელი ვუო მოძებნა, რომელმაც ასისტენტობა გოგას გაუწია, ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ კი, ნანიევმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. 44-ე წუთზე, მარცხნიდან გლიშიჩმა გადაცემა საჯარიმოში გააკეთა და შორეულ ძელთან მყოფმა გოგამ ნახტომში ვერ დაარტყა. რუმინელმა მსაჯს მიუთითა, რომ მოწინააღმდეგემ ზურგში ხელი ჰკრა, მაგრამ უშედეგოდ. სხვათა შორის, როდესაც გუნდები შესვენებაზე გადიოდნენ უჰრინმა მსაჯების ყურადღება ამ ეპიზოდზე გაამახვილა და მათ უთხრა, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. გლიშიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ჩისკომ “სპარტაკის” კარის ახლო ძელთან მცველებს დაასწრო – 0:2. ორი წუთში, გოგას დიაგოლნალური პასის მერე, ცხინვალელთა ნახევარზე მყოფმა გლიშიჩმა ბურთი დაამუშავა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩისკო მოძებნა, რომელმაც ეფექტური დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა – 0:3.
55-ე წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლაშა კემუხტაშვილის დარტყმის შემდეგ, ლორიამ ბურთი უხერხულად მოიგერია და იქვე მდგომმა გივი კვარაცხელიამ თავით დაუბრუნა. 71-ე წუთზე, ვუომ თავის ნახევარზე გვერდი ერთ მცველს აუარა და დიაგონალური პასი მისცა ჩისკოს, რომელმაც კარიდან გამოსულ ნანიევს ბურთი თავს ზემოთ უშედეგოდ გადაუგდო.
72-ე წუთზე, მარჯვნიდან სეთურიძის ჩამოწოდების მერე, ჩისკომ თავით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშის დროს, თამაზ მაქაცარიამ “დინამოს” მეკარეს მეტრეველი შეატოვა, რომლის დარტყმული ბურთი წინ გამოსულმა ლორიამ კუთხურზე მოიგერია. “სტანდარტულის” შესრულების მერე, მაქაცარიამ დაარტყა და “დინამოს” მეკარემ იყოჩაღა.
74-ე წუთზე, გლიშიჩმა მარცხნიდან ბურთი ცხინვალელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მდგომმა ჩისკომ თავით რბილი პასი გაუკეთა გოგას, რომელმაც ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 0:4.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე, შონიამ ახლო მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ლორიამ “დინამო” გოლის გაშვებისგან იხსნა.
დუშან უჰრინი: “არც ისე მარტივი თამაში გამოვიდა. პირველი გოლის გატანის შემდეგ, ჩემი ფეხბურთელები მოეშვნენ. “სპარტაკი” აგრესიულად თამაშობდა. გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გოლი მოკლე დროში უნდა გაეტანათ. ბიჭებმა დავალება შეასრულეს. გახარებული ვართ და მომდევნო საშინაო მატჩისთვის ვემზადებით”.
კახა კაჭარავა: “დინამოს” დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. გოლი პირველ წუთზე გავუშვით. შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მეორე ტაიმში იგივე შეცდომა დავუშვით. მთავარი პრობლემა არასწორი თამაშია. რთულია ამ ასაკში ფეხბურთელს რაიმე ასწავლო, როდესაც ბავშვობაში საძირკველი არ აქვს ჩაყრილი. რაც შეეხება მსაჯობას, შეცდომებს ყველა უშვებს. რატომღაც ამ ბოლო დროს მსაჯები მარტო ჩვენთან ცდებიან”.
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
30 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
სპარტაკი: სოსლან ნანიევი, ჭაფოძე, მგელაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბურძენაძე (მაქაცარია, 66), შონია (კ), კილასონია, თუხარელი (დავით ნანიევი, 83), კემუხტაშვილი (გაზაოვი, 72), მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
დინამო: ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, კვირკველია, გველესიანი, გლიშიჩი (პაპუნაშვილი, 82), ძარია, გოგა, პაპავა, ჩისკო (დვალი, 80), ვუო (მერებაშვილი, 86).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).
გოლები: 0:1 ვუო (2), 0:2 ჩისკო (47), 0:3 ჩისკო (49), 0:4 გოგა (74).
გაფრთხილება: გოგა (30), ჭაფოძე (35), გველესიანი (65).
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)
30 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
5 | მეტალურგი | 13 | 6 | 4 | 3 | 19:17 | 22 |
6 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
7 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
8 | ზესტაფონი | 13 | 5 | 3 | 5 | 14:10 | 18 |
9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა