ფეხბურთი

22:13 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ორი მეორეში

მე-3 ტურის გადადებულ მატჩში, “დინამო” უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დაგეგმილი სამი ქულა უპრობლემოდ აიღო. მართალია, მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ შესვენების შემდეგ, “სპარტაკის” კარი ორჯერ აიღეს და ეს, გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.  “დინამომ” მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “სპარტაკი” კვლავ უქულოდაა და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

პირველი ტაიმის შუაწელში, მარცხენა ფლანგიდან გიორგი მერებაშვილის პასის შემდეგ, გიორგი პაპავამ ახლო მანძილიდან მეტოქის კარში ქუსლით დაარტყა და სოსლან ნანიევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

32-ე წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კახა კაკაშვილმა სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

მე-40 წუთზე, მერებაშვილი სტუმართა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და გადაცემა კარის წინ მდგომ ლევან ხმალაძეს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა – “სპარტაკის” ფეხბურთელის ფეხიდან, ბურთი კუთხურზე გადავიდა.

ცოტა ხანში, იმავე მერებაშვილმა რუმინელ დორინ გოგას უპასა, რომლის თავურის მერე, ნანიევმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ პაპავას გადაცემა რუმინელმა დორინ გოგამ შეირგო და თავით “ცხრიანში” გაიტანა. ამ ეპიზოდში, ნანიევი კარიდან ცოტა წინ იყო გამოსული და ნახტომში ბურთს ვერ მისწვდა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში “დინამომ” ტემპს უფრო მოუმატა და მეტი საგოლე მომენტიც შექმნა.

57-ე წუთზე, მარჯვნიდან გოგამ კუთხური შეასრულა და გივი კვარაცხელიამ თავით მიზანს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ზვიად მეტრეველი მეურვეს გასცდა და “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.

62-ე წუთზე, მარცხნიდან მერებაშვილის გადაცემის შემდეგ, ხმალაძემ ახლოდან ვარდნაში დაარტყა და “სპარტაკი” გოლის გაშვებისგან ნანიევმა იხსნა.

64-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან მაკედონიელმა დარკო გლიშიჩმა “სპარტაკის” საჯარიმოში ჯაბა დვალი მოძებნა, რომელსაც კარი ნანიევმა არ დაანება. მალევე, დვალმა მეტოქესთან ორთაბრძოლსი დროს თავი გაიტეხა და მის ნაცვლად მოედანზე კოტდივუარელი პატრიკ ვუო შევიდა. სხვათა შორის, ანალოგიური ტრავმა პირველ ტაიმში ესპანელმა უსტარიცმა მიიღო, მაგრამ ის არ შეუცვლიათ.

76-ე წუთზე, ლაშა ჩაფიძე ჯერ გლიშიჩს გასცდა, შემდეგ უსტარიცს და “დინამოს” საჯარიმოში შესულმა უზუსტოდ დაარტყა.

78-ე წუთზე, ელგუჯა გრიგალაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან “წამოიღო” და მერებაშვილს გადააწოდა, რომელმაც ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ნანიევს ვერ აჯობა.

86-ე წუთზე, გოგას პასის შემდეგ, “სპარტაკის” კართან ახლოს მყოფმა ხმალაძემ, მატჩში საბოლოო წერტილი დასვა.

არბიტრის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე, მარცხნიდან გიორგი სეთურიძემ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაკიდა და ვუომ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა ნანიევმა “სპარტაკი” მესამე გოლის გაშვებისგან იხსნა.

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (0:0)

17 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა”.

დინამო: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, ხურცილავა, გლიშიჩი (სეთურიძე, 88), ხმალაძე (კ), პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, მერებაშვილი (ჩისკო, 79), გოგა, დვალი (ვუო, 66).

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).

სპარტაკი: ნანიევი, ჭაფოძე, ქურდაძე, კილასონია, კოტე ხიზანეიშვილი, ბურძენაძე (თვალავაძე, 88), ჩაფიძე (ნარიმანიძე, 80), კაკაშვილი, თუხარელი (მაქაცარია, 69), მეტრეველი (კ), ფანცხავა.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

გოლები: 1:0 გოგა (47), 2:0 ხმალაძე (88).

გაფრთხილება: უსტარიცი (18), გრიგალაშვილი (58), ფანცხავა (85).

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.

ვლადიმერ ხაჩიძე: “როგორც იტყვიან, მარტო მონდომება მოგებას არ ყოფნის. ჩემმა ბიჭებმა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. ახალგაზრდები არიან. ნახევარზე მეტმა, “დინამოს” სტადიონზე პირველად ითამაშა. ყველაფერი ჩადეს, მაგრამ ოსტატობამ თავისი გაიტანა. დროთა განმავლობაში მოუმატებენ და უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ”.

დუშან უჰრინი: “ჩვენთვის, მარტივი თამაში არ იყო. პირველ ნახევარში გოლი ვერ გავიტანეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდე, რადგან ადრე თუ გვიან, გოლი უნდა გაგვეტანა. ჩვენი ოპონენტი თავს 10 ფეხბურთელით იცავდა და ამ დროს შეტევაში თამაში ძალიან რთულია. შეტევით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ორი გოლი გავიტანეთ. ახლა, მთლიანად “ვიტ ჯორჯიასთან” თამაშზე ვფიქრობთ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა პირველ ადგილზე გადავიდეთ. ამის შესახებ, ბიჭებთნ საუბარი მექნება”.

 

0.18273