ფეხბურთი

1:05 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” კუნძულზეც უპრობლემოდ იმარჯვა

ის, რომ თბილისის “დინამოს” უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური “ჯიბეში ედო”, ფარერულ “სტრეიმურთან” პირველი შეხვედრის შემდეგაც ცნობილი გახლდათ, კუნძულზე ჩასულმა საქართველოს ჩემპიონმა კი საკითხს ოფიცილურად “დაუსვა ბეჭედი”.

დუშან უჰრინის შეგირდებმა თამაშის ბედი უკვე საწყის წუთებში გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ელგუჯა გრიგალაშვილის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გოლად ესპანელმა ხისკომ გარდასახა, მალევე კი იმავე გრიგალაშვილის ჩაწოდება ჯაბა დვალმა დააგვირგვინა.

ეს ყველაფერი საწყის 12 წუთში მოხდა და მართალია, დინამოელებს შემდეგშიც არაერთი საგოლე მომენტი შეექმნათ, ანგარიშის გაზრდა მხოლოდ თამაშის მიწურულს მოახერხეს. 84-ე წუთზე მაკედონიელმა დარკო გლიშიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილად “გაისროლა” და ფარერელთა გოლკიპერი რენე ტორგარდი კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

“სტრეიმურმა” პრესტიჟის გოლის გატანა მატჩის 27-ე წუთზე მოახერხა, როდესაც თავი ნილს პაულ დანიელსენმა ისახელა.

2 მატჩის ჯამში თბილისელებმა მეტოქე 9:2 გაანადგურეს და როგორც აღვნიშნეთ, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

ასევე მოლოდინისამებრ, “დინამოს” მომდევნო მეტოქე ბუქარესტის “სტიაუა” იქნება. საშინაო გამარჯვების (3:0) კვალად, რუმინელებმა ფედერიკო პიოვაკარის და ალექსანდრუ ბურჩეანუს გოლების წყალობით, მაკედონიურ “ვარდარს” სტუმრადაც აჯობეს – 2:1.

მომავალი დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისურ “დინამო არენაზე” 30 ივლისს შედგება, საპასუხო შეხვედრას კი ბუქარესტი 6 აგვისტოს უმასპინძლებს.

 

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი. “ტორსვოლური”, ტორსჰავნი (ფარერები)

“სტრეიმური” (ფარერები) – “დინამო” (თბილისი, საქართველო) 1:3 (1:2)

“სტრეიმური”: ტორგარდი, გ.ჰანსენი, დამ იაკობსენი, რ.ნილსენი (ა.ოლსენი, 80), დავიდსენი, დანიელსენი (ჰ.ოლსენი, 84), ზახარიასენი (ბ.ოლსენი, 70), ჰანსსენი, ი.ჰანსენი, ა.ჰანსენი (კაპ.), ნიკლასენი.

მწვრთნელი: რუნი ნოლსოე.

“დინამო”: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, კვირკველია, სეთურიძე (ხურცილავა, 53), ხმალაძე, მეერბაშვილი, გრიგალაშვილი, პაპავა (გლიშიჩი, 70), დვალი, ხისკო (ვუო, 71).

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

გოლები: 0:1 ხისკო (7 პენ.), 0:2 დვალი (12), 1:2 დანიელსენი (27), 1:3 გლიშიჩი (84).

გაფრთხილებები: ტორგარდი (6), პაპავა (44), ი.ჰანსენი (75), გრიგალაშვილი (80).

მსაჯი: საიმონ ლი ევანსი (უელსი).

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=8DvyVLz4CTE#at=47

0.147067