ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი თბილისის დინამოელები დღეს 19.00 საათზე მეორე სპარინგ-მატჩს გამართავენ. ამჯერად ჩვენებურთა მეტოქე უკრაინის ჩემპიონი დონეცკის “შახტარი” იქნება.
საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი “შახტარი” უკრაინის დამოუკიდებელ საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. დონეცკელებმა, ფაქტობრივად დაამხეს კიევის “დინამოს” ჰეგემონია და 8-ჯერ მოიგეს ქვეყნის პირველობა. ამასთან, ბოლო 4 წელიწადში ზედიზედ მეოთხედ. ყველაზე დიდ წარმატებას დონბასელებმა 2008-09 წლებში მიაღწიეს, როცა ფინალში გერმანული “ვერდერი” 2:1 დაამარცხეს და უეფას თასს დაეუფლნენ. რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მართლაც კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. ბოლო წლებში ისინი რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაში. წლეულს ჯგუფიდანაც გავიდნენ, მაგრამ მერვედფინალში მომავალ ფინალისტ დორტმუნდის “ბორუსიასთან” დამარცხდნენ. ლუჩესკუ ამბობს, რომ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს და გუნდის გაძლიერბასაც აპირებს, თუმცა ზაფხულში გუნდი ორმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, რუმინელი რაზვან რაცი ინგლისურ “ვეტ ჰემში” გადავიდა, ხოლო ბრაზილიელი ფერნანდინიო “მანჩესტერ სიტიში.” გუნდს მალე დატოვებს ახალგაზრდა სომეხი გენრიხ მხითარიანიც. ნახევარმცველი სავარაუდოდ “ლივერპულში” გადავა. ეს საქმე ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა ბოლო ინფორმაციით, გენრიხი ავსტრიაში მყოფ შახტარელების ვარჯიშებში არ მონაწილეობს და არც დინამოელთა წინააღმდეგ ითამაშებს. არიან ახალწვეულებიც, რომელთა გვარები ჩვენს მკითხველს ვერაფერს ეტყვის. ერთ მათგანზე კი გავამახვილებთ ყურადღებას. 21 წლის ბრაზილიელი ფერნანდო ახლა კონფედერაციის თასზე ასპარეზობს და შაბათს იტალიელთა წინააღმდეგაც ითამაშა, 76-ე წუთზე მან ჰალკი შეცვალა.
საერთოდ “შახტარი” და “დინამო” ერთმანეთს 86-ჯერ შეხვედრიან (აქედან 76-ჯერ სსრკ ჩემპიონატებში, 8-ჯერ საკავშირო თასზე). 37 მატჩი დინამოელებმა მოიგეს, 24 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, 25-ჯერ კი დონეცკელებმა იმარჯვეს. ბურთების სხვაობა – 136:108 თბილისელთა სასარგებლოდ.
1980 წელს სსრკ თასის ფინალში სწორედ “შახტარმა” დაამარცხა “დინამო” 2:1, მაგრამ თვითონ უეფას თასზე გამოვიდა, ჩვენები კი, როგორც ფინალისტები, თასების თასზე გავიდნდნ და 1981_ში მოიგეს კიდეც ევროთასი.
Uუახლოეს ისტორიაში დღევანდელი მეტოქეები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2 თამაში დონეცკელებმა მოიგეს, ერთი თბილისელებმა. ბურთების შეფარდება 4:2 უკრაინელთა სასარგებლოდ. “შახტარიდან” გოლები ბრანდაუმ, ჟადსონმა, ილსინიომ და მათუზალემმა გაიტანეს, დინამოელთაგან შოთა ბაბუნაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ.
ავსტრიაში დონეცკელები ჩვენამდე, 21 ივნისს ალბანეთის ჩემპიონ “შკენდერბეუს” შეხვდნენ და 7:0 გაიმარჯვეს.